ოთარ იოსელიანი
სადარბაზო ბარათი
ოთარ იოსელიანი დაიბადა 1924 წლის 1 აგვისტოს აბაშაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო სამკურნალო ფაკულტეტის დიპლომის აღებისთანავე გაემგზავრა მოსკოვში ჟურნალისტიკის უმაღლეს კურსებზე სასწავლებლად.
მშობლები
მამა _ დავთი იოსელიანი. დაამთავრა ტარტუს (იურიევის) უძველესი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი თერაპევტის სპეციალობით. გახლდათ ესტონეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. დახვრიტეს 1937 წელს. 1956 წელს რეაბილიტაცია.
დედა _ სოფიო კანდელაკი. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, ასწავლიდა რუსულს.
ბაბუა
მამანტი კანდელაკი _ ცნობილი მეცენატი, განსაკუთრებით ეხმარებოდა მსახიობებს.
ბიძები
ნიკოლოზ (ჯვებე) იოსელიანი _ მეცნიერი-ბიოლოგი, ბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ახალგაზრდა გარდაიცვალა გრიპის გართულებით. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
პავლე კანდელაკი _ რუსთაველისა და ოპერის თეატრების დირექტორი კულტურის მინისტრის მოადგილეც იყო, ხოლო სიცოცხლის ბოლოს კარლ მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
და-ძმა
ძმა _ რეზო იოსელიანი, აგრონომი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი, უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს თანამშრომელი.
და _ დოდო იოსელიანი, ექიმ-პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი.
სიძე
ფარნა კაჭარავა _ ექიმი-ნევროპათოლოგი, რკინიგზის საავადმყოფოს განყოფილების გამგე.
მართალია, სპორტი ბავშვობიდანვე მიყვარს და პროფესიის არჩევაში ბაბუის მიერ ესტაფეტასავით გადმოცემული დინასტიური ტრადიციაც დამეხმარა, რომელიც ონის რაიონულ გაზეთში კალმოსნობას ჰარმონიულად უთავსებდა პოპულარულ „ლელოსთან“ თანამშრომლობას, მაგრამ ჩემს ჟურნალისტობაში სოლიდური წვლილი მაინც ბატონმა ოთარ იოსელიანმა შეიტანა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა პრაქტიკაში მრავალჯერ დადასტურებული ფაქტი, რომ ნიჭიერ, თუნდაც წიგნიერ ახალგაზრდას გზის გაკვლევაში აუცილებლად სჭირდება ხელის წამკვრელი, იგივე პატრონი.
დიახ, სწორედ მან გამიხსნა მე-9 კლასის მოსწავლეს შრომის წიგნაკი და უმაღლესში საბუთების შესატანად აუცილებელი სტაჟით უზრუნველსაყოფად დედაქალაქის მაჯისცემის საუკეთესოდ ამსახველ გაზეთ „თბილისში“ ორი წლის განმავლობაში მიქვეყნდება სხვადასხვა ჟანრის წერილებს. ხოლო როცა 57-ე საშუალო სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო, საკუთარ თანამშრომელს უშუალო მოვალეობის _ ფოტორეპორტაჟის მომზადების პარალელურად ჩემთვის საიდუმლოდ გადმოსაცემი თავისუფალი თემის „შპარგალკა“ გამოატანა.
აღარაფერს ვამბობ პირველკურსელი სტუდენტის „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ მივლინებაზე, სადაც ცხადში ვიხილე სისხლსავსე სარედაქციო ფაცი-ფუცის თავისებურებანი. სხვათა შორის, მოგვიანებით კიევშიც მსგავსი მისიით ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ რედაქტორის კაბინეტში შესულს, მის სავარძელში სულ სხვა პიროვნება დამხვდა და პროექტი ჩაიშალა. ხომ გსმენიათ _ ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჰოდა, სწორედ იმ დღეებში შეძრა კაცობრიობა ჩერნობილის ტრაგედიამ და კაცმა არ იცის, როგორ დავასრულებდი გასეირნებას უკრაინაში. ასე რომ, კიდევ კარგი…
ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მუდამ სიკეთის მთესველ თვისტომთა თანამგზავრი არცთუ ისე იშვიათად დაუმსახურებელი გულისტკივილია. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა შევაფასოთ ის გახმაურებული სკანდალურ შემთხვევა, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრისათვის ტურისტული მოგზაურობისთვის მიცემული სარეკომენდაციო დახასიათება ამ ზნეკეთილი მეოცესაუკუნელისსათვის პარტიულ-სამსახურებრივი სასჯელით რომ დასრულდა? სამაგიეროდ, იგი თავისი მრწამსის ერთგულად დარჩა და ასეთად გვემახსოვრება ყველას. ვისაც მისი ამაგი გვცხია.
ძვირფასო მკითხველო! რასაც აწი წაიკითხავთ, თვით ბატონ ოთარს სხვადასხვა დროს დიდი ძალისხმევის ფასად „დავტყუე“, რადგან, როგორც მოკრძალებულ პიროვნებას, საკუთარ პერსონასა და, მით უმეტეს, დამსახურებებზე საუბარი არ უყვარდა.
მაშ ასე:
სამშობლოში დაბრუნებისთანავე კვალიფიკაციაამაღლებულ ჩვენი წერილის გმირს უდიდესი ნდობა გამოუცხადეს და „ახალგაზრდა კომუნისტის“ პასუხისმგებელ მდივნად დანიშნეს, ხოლო 1949 წელს, თამამად შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი მოვლენის უშუალო თანამონაწილე გახდა.
დიახ, სწორედ მაშინ გადაწყდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში სპორტული გაზეთის _ ყოფილი „საქართველოს ფიზკულტურელის“ აღდგენა, გადაწყვეტილების მისაღებად კი ცეკა-ს პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ფარულავა, სახელოვანი მძლეოსანი ნინო დუმბაძე, ოთარ იოსელიანი და ამ უკანასკნელის ინიციატივით მიწვეული მიხეილ კაკაბაძე შეიკრიბნენ, რომელიც იმ პერიოდში „მოლოდოი სტალინეცში“ (მოგვიანებით _ „მოლოდიოჟ გრუზიაში“) ინფორმაციისა და სპორტის განყოფილებას უძღვებოდა.
იდეა ყველამ აიტაცა, მაგრამ პოლემიკა დასახელებას მოჰყოლია, რადგან ძია მიშა უპირატესობას თურმე „ლახტს“ ანიჭებდა. საბოლოოდ „ლელო“ მაღალჩინოსანმა მასპინძელმა გაიტანა, მიხეილ კაკაბაძე გახდა პირველი რედაქტორი ოთარ იოსელიანი _ პირველი პასუხისმგებელი მდივანი.
ალბათ, სიმბოლურია, რომ სწორედ აღნიშნულ თანამდებობაზე შეუდგა სამაგალითო და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას ბატონი ოთარი 1958 წელს დაარსებულ დედაქალაქის საღამოს გაზეთ „თბილისში“, რომელსაც დაახლოებით მეოთხედი საუკუნე შეალია. სიამოვნებით წარმოგიდგენთ კოლეგა თბილისელთა ძვირფას პირველ თაობას: ნიკოლოზ ჯაში, დავით მელუხა, ალეკო შენგელია, ნოდარ ყირიმლიშვილი, ფარსადან თოფურია, სერგო ხარაზიშვილი, ოთარ გელაშვილი, ვახტანგ მაისაია, მირიან ჭიჭინაძე, ოთარ გაგუა, კოტე რუსიტაშვილი, ვახტანგ ნიკოლაიშვილი, შალვა ქირია, ედუარდ სიხარულიძე, შალვა მირიჯანაშვილი, ოთარ ხუციშვილი, შალვა გოქაძე, ლია მიქაძე, ნანა ლოლაძე, მოგვიანებით _ ნარგიზა მგელაძე, ანზორ ბასილაია, არჩილ ციცქიშვილი, ჩარიტა მამისეიშვილი…
როგორც სპორტით მოწამლული შეგირდი, ბუნებრივია, ოსტატს გამორჩეულად სპორტული თემატიკის გაცოცხლებით „ვაწუხებდი“ და რადგან რამდენიმე თვეში ტაშკენტის ტრიუმფის 60 წლის იუბილე სრულდება, უპირველესად უზბეკური „ოქროს შემოდგომა“ გავიხსენოთ: როგორც ეტიკეტი მოითხოვდა, წინასწარ შეუქმნიათ 2 ვარიანტი _ როგორც გამარჯვების, ისე მარცხის შემთხვევის შესაბამისი, მაგრამ ყველაფერი არია დამატებითი დროის დანიშვნამ. გაზეთის მაშინდელმა პასუხისმგებელმა მდივანმა ოთარ იოსელიანმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია შემუშავებულ გრაფიკს, კბილებით გაიტანა გაზეთის იმავე ღამით ანშლაგით _ „დინამო ჩემპიონია“! დაბეჭდვა და ერთ საათში „თბილისი“ უკვე ბედნიერ გულშემატკივართა შორის ვრცელდებოდა.
ოთარ იოსელიანი და შოთა იამანიძე
ნიშანდობლივია, რომ მალევე დაარსდა გაზეთ „თბილისის“ პრიზი იმ ფეხბურთელისთვის, ვინც სეზონის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემოპიონატში ერთ შეხვედრაში 5 გოლს გაიტანდა. აღნიშნული ჯილდო სულ ორჯერ გათამაშდა და ორივე შემთხვევაში მას თბილისის დინამოელები დაეუფლნენ: 1966 წელს _ ილია დათუნაშვილი („არარატთან“) და 1968 წელს _ გოჩა გავაშელი („კრილია სოვეტოვთან“).
საგულისხმოა, რომ 70-იანების დასაწყისში ბატონმა ოთარმა დაარსა საფეხბურთო გუნდი „ჟურნალისტი“ (კაპიტანი _ ოთარ (რიჩა) გაგუა, მისი ვაჟები _ აფხაზეთში დაღუპული ზურა და გია გაგუები, მეკარე კოტე მახარაძე, სტოპერი გიგლა ფირცხალავა, გურამ ფანჯიკიძე, ვანდი ხანდამიშვილი, ჩვენი დაუვიწყარი მეგობრის _ გურამ გომართელის შვილი ზაზა გომართელი და მაშინდელი სტამბის თანამშრომელი ვახტანგ კოპალეიშვილი).
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს დამარცხებული ჰყავს, შესაბამისად, საბჭოთა ნაკრების ყოფილი წევრებით იოჟეფ საბოთი და ვიქტორ პონედელნიკით გაძლიერებული კიეველი და როსტოველი, აგრეთვე მოსკოვში _ „იზვესტიას“ კოლეგები, სადაც მომავალი რედაქტორი, სამტრედიაში დაბადებულ-გაზრდილი და ქართულად თავისუფლად მოსაუბრე წარმოშობით პოლონელი ჩვენი თანამემამულე იგორ გოლემბიოვსკი თამაშობდა.
როცა 100 წლის ოთარ იოსელიანზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევავლოთ თვალი მის ერისკაც მეგობართა თანავარსკვლავედს, ვისთან თავანკარა ურთიერთობასაც ბევრი ინატრებდა: ვასო გოძიაშვილი, რევაზ მარგიანი, მორის ფოცხიშვილი, შოთა ნიშნიანიძე, რევაზ ჯაფარიძე, მედეა ჩახავა, ხუტა ბერულავა, მერაბ ბერძენიშვილი, შოთა იამანიძე, აკაკი გელოვანი, მალხაზ ბებურიშვილი, თამაზ გამყრელიძე, ამირან აბშილავა, გიზო ნიშნიანიძე, ვისაც 1981 წლის ზაფხულში პოპულარული „პაემანი ვერაზე „დაუბეჭდა.
და ბოლოს: ბატონი ოთარი 2000 წელს გახდა უკვდავების ბინადარი. საინტერესოა, როგორ შეაფასებდა იგი თანამედროვე პრესას?
ოთარ იოსელიანი და კონსტანტინე გამსახურდია
გია პლატონიშვილი
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 2024 წლის 1-ელი აგვისტო





