ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პეპემ კარიერა დაასრულა. მან გასული სეზონი „პორტუში“ გაატარა.
41 წლის პეპე ასევე „მარიტიმუში“, მადრიდის „რეალში“ და თურქეთის „ბეშიქთაშში“ თამაშობდა. მან კარიერაში საკლუბო დონეზე საერთო ჯამში 742 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.
პეპემ „პორტუს“ შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონატი ოთხჯერ, პორტუგალიის თასი 5-ჯერ, ხოლო სუპერთასი 3-ჯერ მოიგო. „რეალის“ შემადგენლობაში პეპე ესპანეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა და ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო 2-2-ჯერ ესპანეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.
მან პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში გამართულ 141 თამაშში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. პეპე საფრანგეთში 2016 წელს გამართული ევროპის ჩემპიონია და 2019 წელს ერთა ლიგის გამარჯვებულია. ის ყველაზე ხანდაზმული მინდვრის მოთამაშეა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პლეი-ოფში უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





