ბათუმის „დინამოს“ მძიმე საღამო

0
28

ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის „ლუდოგორეცთან“ გამოვარდნის შემდეგ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც ჩერნოგორიის ჩემპიონ „დეჩიჩს“ უპირისპირდება.
ბათუმში ჩატარებულ პირველ მატჩში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ დინამოელებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ საკუთარ კარში 2 უპასუხო ბურთი მიიღეს.
23-ე წუთზე ონორე გომისმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით  ორ წუთში პაატა ღუდუსაურმა სტუმართა საჯარიმოში ბლესა მოძებნა, რომელმაც კარგი პასი გაუკეთა ონორე გომისს, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ალეფ სანტოსმა „კედელი“ ჟან ვიქტორთან გაითამაშა და ჩერნოგორიელთა კარის წინ მდგომი ონორე გომისი მოძებნა, რომლის თავურის მერე ნიკიჩმა ნახტომში „დეჩიჩი“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვლადიმერ მამუჩაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჟან ვიქტორი მოძებნა, რომლის თავურის მერე ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ცოტა ხანში, მარჯვენა ფრთიდან ღუდუშაურის ჩაწოდების შემდეგ, ბაკალნელთა კარის წინ ორიოდე მეტრში მყოფმა გომისმა ბურთს ფეხი ააცილა.
62-ე წუთზე „დეჩიჩის“ ფაქტობრივად პირველ შეტევას გოლი მოჰყვა – მალესევიჩმა ბათუმელთა საჯარიმოში პასი კამაის მიმართულებით გააკეთა, რომელმაც ლევან ხარაბაძეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
67-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პულეიომ პასი სტიკოვიჩს მისვა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში ზუსტად დაარტყა – 0:2.
დარჩენილ დროში ბათუმელები ანგარიშის შეცვლას ეცადნენ, თუმცა, გოლის გატანა კი არა, რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს „დედიჩის“ კართან. „დინამო“ საპასუხო მატჩს „დეჩიჩთან“ 30 ივლისს პოდგორიცაში ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„დინამო”(ბათუმი)– „დეჩიჩი“ 0:2 (0:0)
24 ივლისი. ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“.

„დინამო” (ბათუმი): სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიკტორი (მარა 58), ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76), გომისი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
„დეჩიჩი“: ნიკიჩი, დრესაი, მილიჩი, ტომაშევიჩი, მალეშევიჩი, ჩაგასი (ბოზანოვიჩი 61), სეკულოვიჩი (ბოზოვიჩი 73), კაიევიჩი, სტრიკოვიჩი (სტიეპოვიჩი 73), მატიჩი (კამაი 61), პულეიო (უიკაი 83).
მთავარი მწვრთნელი: მილორად პეკოვიჩი.
გოლები: 0:1 კამაი (63), 0:2 სტრიკოვიჩი (66).
გაფრთხილება: დრესაი (8), მალეშევიჩი (31), სტრილკოვიჩი (70), კამაი (74), მუჯირი (90), ალეფ სანტოსი (90)
მთავარი მსაჯი: საიატ კარაბაევი (ყაზახეთი)

ლაშა თაბაგარი