მიქაუტაძე „მონაკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს

0
32

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ „მონაკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს, ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ „მონაკო“ „მეცს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის და კიდევ 4 მილიონი ევრო ბონუსის სახითაა გათვალისწინებული,
გასულ სეზონში, მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო, რასაც პლეი-აუტში გატანილი ერთი გოლი მიამატა  და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძემ თავი ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გამოიჩინა და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის თანაბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი