ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

0
40

საქართველოს ეროვნული ნაკრების და დანიის “კოპენჰაგენის” აწ უკვე ყოფილმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, მან ამის მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განმარტა:
“ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მდგომარეობა გამოუვალია. მაქსიმალურად ვცადე დაბრუნება და ამისთვის არაერთი საათიც დავხარჯე, მაგრამ იძულებული ვარ, შევეგუო იმ ფაქტს, რომ დაბრუნება გამორიცხულია. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
“კოპენჰაგენში” ფანტასტიური პერიოდი გავატარე, დიდი გამოცდილება დამიგროვდა მოედანზე ყოფნით და ამან შექმნა ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და, განსაკუთრებით, ფანებთან.
ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ის მხარდაჭერა, რომელიც გვქონდა მე და ჩემს ოჯახს. ეს იყო განსაკუთრებით უკრაინის მიმართ აგრესიის შემდგომ ურთულეს პერიოდში. სწორედ ამ დროს ვიგრძენი დიდი სიყვარული და მხარდაჭერა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ამისთვის.
ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ამას ოჯახთან ერთად გადავწყვეტ. ვიცი, რომ მომენატრება ფეხბურთი და ყველაფერი ის, რაც მის გარშემოა. ამავე დროს, კარიერის დასრულება მაძლევს შანსს, გავიცნო ცხოვრების სხვა მხარეები ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად…
მინდა, მადლობა გადავუხადო “კოპენჰაგენს” ჩემს კარიერაში საუკეთესო წლებისთვის. ტრავმების მიუხედავად, აქ გატარებული დრო ნამდვილად კარგი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. დიდი მადლობა კლუბის ყველა წევრს! თქვენ ჩემთვის ხართ ოჯახი. დღეიდან “კოპენჰაგენის” ამაყი გულშემატკივარი ვარ”.
31 წლის ხოჭოლავა კარიერის განმავლობაში “კოპენჰაგენის” გარდა თბილისის “საბურთალოში” (ამჟამინდელი “იბერია”), თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში”, ქობულეთის “შუქურაში”, ოდესის “ჩერნომორეცში” და დონეცკის “შახტარში” გამოდიოდა. მან საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა. ის “შახტარის” შემადგენლობაში 3-ჯერ უკრაინის ჩემპიონი გახდა, ორჯერ უკრაინის თასი მოიგო, ხოლო ერთხელ – სუპერთასი, “კოპენჰაგენში” ხოჭოლავა დანიის ჩემპიონის ოქროს მედლებს ორჯერ, თასს კი ერთხელ დაეუფლა. ის თბილისის “დინამოსთან” ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო თითოჯერ თასი და სუპერთასი აღმართა.
ლაშა თაბაგარი