ინგლისი 1/4-ფინალში გაჭირვებით გავიდა – ბელინგემის გმირობა

0
42

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც გერმანიაში მიმდინარე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, 1/4-ფინალში გაჭირვებით გავიდა. ინგლისელები 1/8-ფინალში სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ და შემდეგ ეტაპზე მოხვედრას ჯუდ ბელინგემს უნდა უმადლოდნენ.
მატჩის 26-ე წუთზე სტრელეცის კარგი პასის შემდეგ, შრანცი ინგლისელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა – 0:1. შესვენებამდე გარეთ საუთგეიტის გუნდმა ხეირიანად ერთხელაც ვერ შეუტია და ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმის განახლებიდან 5 წუთში ტრიპიერის პასის მერე, ფოდენმა სლოვაკების კარი აიღო, თუმცა, გოლი არ ჩაითვალა, რადგან VAR ბრიტანელ ფეხბურთელზე თამაშის წესი დარღვევა დააფიქსირა.
55-ე წუთზე ინგლისელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს და სტრელეცმა ძალიან შორი მანძილიდან ერთი შეხებით მოინდომა წინ გამოსული პიკფორდისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ცოტა დააკლდა.
78-ე წუთზე ინგლისელების სტანდარტულის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა კეინმა თავით ვერ გაიტანა. ამ ეპიზოდიდან სამ წუთში დეკლან რაისმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ბრიტანელებმა აუტიდან ბურთი პირდაპირ საჯარიმოში ჩააგდეს, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა გეჰიმ მოიგო, ხოლო ბელინგემმა „მაკრატელათი“ ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის პირველ წუთზე ინგლისი დაწინაურდა, ამ ეპიზოდში საუთგეიტის გუნდის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სლოვაკი მცველი მოგერიებული ბურთი ეზემ დაარტყა, ტოუნიმ თავით პასი კართან ახლოს მდგომ კეინს გაუკეთა, რომელმაც თავურით მეტოქის კარი აიღო- 2:1. 105-ე წუთზე პეკარიკს პიკფორდის კარის აღების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც კართან ორიდე მეტრიდან ვარდნაში დაარტყა და ბურთი ბადეში ვერ მაოხვედრა. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა და ევრო 2020-ის ვერცხლის მედლების მფლობელი 1/4-ფინალშია, სადაც 6 ივლისს დიუსელდორფში შვეიცარიას დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი