გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ “მონაკოსთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანახმა, ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
“მონაკომ” ოფიციალური წინადადებით “მეცსაც” მიმართა, რომელთან საქართველოს ნაკრების ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. მონაკოელებს სურთ, რომ “მეცს’ ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე მოელაპარაკოს და სხვა კლუბებს დაასწროს, რათა მიქაუტაძესთან ხელშეკრულება ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმოს.
გასულ სეზონში, 23 წლის მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო, რასაც პლეი-აუტში გატანილი ერთი გოლი მიამატა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
ლაშა თაბაგარი
