ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჰამბურგში ჩეხეთთან (1:1) ისტორიული ქულის აღების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის პრესკონფერენციაზე პირველი და ბოლო კითხვა “ათიანმა” დაუსვა.
atiani.ge: როგორ შეაფასებთ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს განვლილ ორ მატჩში? იქნება თუ არა ოთარ კიტეიშვილი ბოლო შეხვედრაში? რამდენად სერიოზულია სოლომონ კვერკველიას ტრავმა?
ვილი სანიოლი: “მე არ მჩვევია ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი, ამიტომ არ ვილაპარაკებ დღეს ხვიჩას თამაშზე, ეს შეიძლება მერე, როცა ყველაფერს გავაანალიზებთ. კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, კიდევ ერთი დღე უნდა დაველოდოთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვიბრუნდება. საბა კვერკველიამ საქართველოში ინფექციის გამო 10 დღე გაატარა საავადმყოფოში, როცა ის ავსტრიაში შემოგვიერთდა, არ იყო სრულ მზადყოფნაში. როდესაც შევცვალეთ, დაღლილი იყო, გველესიანმა კი, ძალიან კარგად შეცვალა”.
atiani.ge: გაამხნევეთ თუ არა მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძე, რომელმაც რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა? პორტუგალიასთან შეხვედრაში შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებთ და იმ ფეხბურთელებს ათამაშებთ ვისაც მანამდე არ უთამაშიათ თუ აქცენტს შედეგზე გააკეთებთ?
ვილი სანიოლი: “ლობჟანიძის მომენტში ემოციები მოჭარბებული იყო, მაგრამ შერეული განცდები გაგვიჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რა გავაკეთეთ კარგად, იქნებ, ბოლო ტურში უკეთაც ვითამაშოთ. ვცდილობთ, რომ საბამ თავი უკეთესად იგრძნოს, რადგან ამ წუთას ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავამხნევოთ. ასეთ მომენტში, ფეხბურთელს ბევრი რამ შეიძლება უთხრა და თვითონ ფეხბურთელსაც სჭირდება მხარდაჭერა, 3 წელზე მეტია საქართველოში ვარ და ერთმანეთს ვეხმარებით, ეს ადამიანური გამოცდილება იყო, მივედი მასთან იმიტომ, რომ წარმოვიდგინე, რას გრძნობდა. ამ შემთხვევაში, რთულია რამის თქმა, მაგრამ თუ დარტყმას არ ცდი, ვერც გოლს გაიტან და ვერც კარს ააცილებ. მატჩის შემდეგ შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, მომენტის გამო თავიდან იმედგაცრუებული ვიყავით, მაგრამ ასევე ვიაზრებთ, რომ პირველი ქულა მოვიპოვეთ. სამწელიწადნახევარი ვიმუშავეთ აქამდე მოსასვლელად და ჩვენთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მოპოვებული ქულა
რაც შეეხება პორტუგალიასთან შემადგენლობაში ცვლილებებს, ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, გვექნება ამბიცია, რომ კარგად ვითამაშოთ. ტურნირის წინ, შეიძლებოდა, გაგვღიმებოდა, როცა მომდევნო ეტაპზე გასვლაზე დავიწყებდით საუბარს. პორტუგალიას ვეთამაშებით, პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელიც ძალიან ძლიერია. მოვემზადებით მაქსიმალურად და გვექნება ამბიცია, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ძალები მოვიკრიბოთ, ზოგი ფეხბურთელი დაღლილიც იყო, მაგრამ ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მოვემზადებით მაქსიმალურად, როგორც შესაძლებელია”.
ვილი სანიოლი: “ყველაზე კარგი განცდა სიამაყეა. შეიძლება გაგიჩნდეს სინანულის განცდაც, როცა არ იცი, რა გამოიარე, მაგრამ ეს ქულა უფრო სიამაყის განცდას გვაძლევს. ჩეხეთის ნაკრებით გაოცებულები არ ვიყავით, ვიცოდით, რომ რთული მატჩი გამოვიდოდა, მეტოქემ მთელი თამაშის განმავლობაში დიდი ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია. ალბათ, ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ დღეს ფანტასტიკური მეკარე გვყავდა, მამარდაშვილი აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო. კი, შეიძლება ბოლო მომენტის გამო გულდაწყვეტილები ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ, ამას თურქეთის მატჩის გამოცდილებაც ადასტურებს. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.
ჩვენ დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს, ვიცოდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო მიგვეღო გამოცდილება მსგავსი ტურნირიდან. მიყვარს საქართველო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სადებიუტო ტურნირზე ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. გამოცდილების კუთხით, თუნდაც ფეხბურთელებისთვის, ეს მნიშვნელოვანია. ამ მატჩიდანაც შეუძლიათ დაინახონ, როგორია უმაღლესი დონე. ეს არის გამოცდილება, საიდანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია და ეს დაეხმარება საქართველოს ნაკრებს სამომავლოდ”
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ჰამბურგიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
