საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში მეორე შეხვედრა ჰამბურგში ჩეხეთთან ჩაატარა, რომლის საბოლოო შედეგი სატურნირო თვალსაზრისით ბევრს წყვეტდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს და საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავისი ისტორიული ქულა აიღო.
ვილი სნაიოლმა დორტმუნდში თურქეთთან 1:3 წაგებული შეხვედრის მერე, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება შეიტანა – გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა.
დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და სოლომონ კვერკველია დააყენა. ფრანგმა სპეციალისტმა მარჯვენა ფლანგის კონტროლი ოთარ კაკაბაძეს დაავალა, ხოლო მარცხენასი – გიორგი წიტაიშვილს. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდა, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილს შეუწყვილდა, ხოლო მათ წინ ზურიკო დავითაშვილი იყო. შეტევის წყვილი ასე გამოიყურებოდა – კვარაცხელია და მიქაუტაძე.
ფიზიკურად ძლიერმა ჩეხებმა მატჩის დასაწყისში შემოგვიტიეს და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა, როდესაც ჯერ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ჰლოჟეკს აურო, ხოლო შემდეგ პატრიკ შიკის ურთულესი დარტყმა მოიგერია.
მე-10 წუთზე დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მას მერე რაც მცველს გაასწრო წაიქცა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა, არადა, ჩეხი ფეხბურთელი ნამდვილად „ეჭიდავებოდა”. 23-ე წუთზე ჩეხებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან ნთავარმა მთავარმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ, გოლის ავტორ ჰლოჟეკზე ხელით თამაში დააფიქსირა. ტაიმის შუაწელში ჩეხებს შორის ყველაზე აქტიურმა ჰლოჟეკმა საქართველოს ნაკრების ნახევარზე ძალისმიერი ორთაბრძოლა კვერკველიას მოუგო და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ხელით ჰრანაჩმა ითამაშა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დადო, რომელიც მიქაუტაძემ გამოიყენა – 1:0. მან თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა და პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო. ჩეხებმა ბურთი თამაშში შეიყვანეს და მაშინვე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ შიკის დარტყმის მერე, მამარდაშვილმა გოლის გაშვებისგან გვიხსნა.
57-ე წუთზე კვარაცხელიამ თავისი ნახევრიდან წამოიღო ბურთი და პასი საჯარიმოში გახსნილ მექვაბიშვილს მისცა, რომელიც ერთ მეტოქეს გაექცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ჰამბურგის სტადიონზე, სადაც 57000 მაყურებელი ეტევა, ქართველი გულშემატკივრები ჩეხებზე მეტი თუ არა ყოველ შემთხვევაში ნაკლებიც არ იყვნენ და გუნდს ომახიანად ქომაგობდნენ.
59-ე წუთზე ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს და საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კრეიცმა კვერკველიას მოუგო, რომლის თავურის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შიკმა ზუსტად დაამატა – 1:1. აღსანიშნავია, რომ ჩეხები კუთხურებისა და აუტების ჩაწოდების დროს სიმაღლეში თავის უპირატესობას კარგად იყენებდნენ და ანგარიშის გათანაბრებიდან მალე, სტანდარტულის შესრულების დროს თავური დარტყმით დაწინაურებაც შეეძლოთ.
65-ე წუთზე მატეი იურაშეკმა ჩვენი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში ხიფათი გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში ჩეხების ლიდერმა შიკმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 77-ე წუთზე მარცხნიდან დავიდ იურაშეკის ჩაწოდების შემდეგ, ჩიტილმა ნახტომში თავით დაარტყა და კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მამარდაშვილმა ლინგრის სახიფათო დარტყმული გაანეიტრალა.
მატჩის ბოლო წუთზე ჩვენი გუნდის კონტრშეტევის დროს ჩაკვეტაძემ ბურთით დიდი მანძილი ირბინა და საჯარიმოში საუცხოო პასი მისცა საბა ლობჟანიძეს, რომელმაც ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა, რაც ძალიან განიცადა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს, რომიც პირველი ქართველია, ვისაც წილად ასეთი პატივი ხვდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 26 ივნისს გელზემკირხენში პორტუგალიასთან ჩაატარებს.
საქართველო – ჩეხეთი 1:1 (1:0)
22 ივნისი. ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“.
საქართველო: მამარდაშვილი, კვერკველია (გველესიანი, 82), კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი, 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე, 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე, 82), მიქაუტაძე (ქვილითაია, 88).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ჩეხეთი: სტანეკი, ჰოლეში, ჰრანაცი, კრეიჩი, სოუჩეკი, პროვოდი (ბარაკი, 82), ცოუფალი, დავიდ იურაშეკი (სევციკი, 82), ჩერნი (მატეი იურაშეკი, 55), შიკი (ჩიტილი, 68), ჰლოჟეკი (ლინგრი, 55).
მთავარი მწვრთნელი: ივან ჰაშეკი.
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (45+2), 1:1 შიკი (59(
გაფრთხილება: ცოუფალი (18), კაშია (36), პროვოდი (40), იურაშეკი (47), სოუჩეკი (81)
მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ჰამბურგიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის
