ევრო 2024-ზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის (1:1) საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ გიორგი მამარდაშვილს პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა “ათიანმა” დაუსვა.
atiani.ge: როგორ ფიქრობთ ფრე ლოგიკური შედეგი იყო? თუ ამ მატჩში მოგებას ვიმსახურებდით?
გიორგი მამარდაშვილი: “კმაყოფილი ვარ, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ აქ ვართ და ისტორიული ქულა მოვიპოვეთ. შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება. ვაგრძელებთ ბრძოლას, პორტუგალიასთან რთული თამაში იქნება, ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ, რა იქნება.
ჩეხეთის ნაკრები შეთამაშებული გუნდია. ისინი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ, ხშირად ცდილობდნენ ჩაწოდებას, ჩვენ ეს ვიცოდით, მეტოქე შესწავლილი გვყავდა. ჩეხეთს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ
– საბა ლობჟანიძე, რომელმაც მატჩის ბოლოს გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა როგორ გაამხნევეთ?
გიორგი მამარდაშვილი: “ყველაზე მეტად, ალბათ, მას უნდოდა, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. უნდა გააგრძელოს ვარჯიში, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მომავალში გაიტანს, თავი არ უნდა დახაროს და მისთვის საამაყო მომენტია, რადგან პირველი ქულა მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატზე. სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ლობჟანიძის მომენტი, ჩეხი მეკარე სწორად იდგა, საბამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მოედანზე ამის შესრულება რთულია, ნაკლები დრო გაქვს, ვიდრე ჩანს ტრიბუნიდან. უბრალოდ, ტექნიკურად არ გამოუვიდა შესრულება, თორემ, ჩემი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებდა. იმ მომენტში, შემექმნა განცდა, რომ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ შანსი კიდევ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩეხეთის გატანილ გოლებს რაც შეეხება, ორივე შემთხვევაში, კონცენტრაცია დავკარგეთ. პირველ შემთხვევაში, გაგვიმართლა, რადგან ხელით გაიტანა, ხოლო მეორე მომენტში იყო კუთხური და როდესაც ასეთ დიდ ტურნირზე თამაშობ, არ შეიძლება კონცენტრაცია დაკარგო. პირველ რიგში, მე დავკარგე კონცენტრაცია და ამიტომაც გაიტანეს გოლი“.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ჰამბურგიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
