საბა ლობჟანიძე: “ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა”

0
68

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 11 ივნისს, ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღებს მონაწილეობა.
ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა ლობჟანიძემ გააკეთა:
საბა ლობჟანიძე: „გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ, მაგრამ ამავდროულად მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის.
მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის.
მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“.
12 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით,17 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ვარჯიშზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო.
ლაშა თაბაგარი