საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს.
პირველი დღის მსგავსად, შეკრების მეორე ვარჯიშშიც 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ გააკეთა, რომელიც საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა.
ლევან შენგელია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “ვემზადებით ავსტრიაში, ძალიან კარგ პირობებში, სადაც შეგვიძლია სრულად ვკონცენტრირდეთ ჩვენს საქმეზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ამ ეტაპზე, სრული შემადგენლობით არ ვართ, რადგან ჯერ ყველა ფეხბურთელს არ დაუმთავრებია საკლუბო სეზონი.
გარემო, რომელიც ახლა ეროვნულ ნაკრებშია ყველანაირ საშუალებას გვაძლევს მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. ბედნიერების მომტანია ემოციები, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს, რადგან ვემზადებით ისეთი თამაშებისთვის, რაც ქვეყნისთვის პირველად ხდება.
ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და ნაკრების დავეხმარო”.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მხანაგურ მატჩს ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდთან პოდგორიცაში ჩაატარებს.
ვილი სანიოლის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავენ: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდებიან, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი
