ჟანრის კლასიკა – “რეალი” ნახევარფინალში “ბაიერნს” შეხვდება

0
5

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდში 3:3 დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ, მან “მანჩესტერ სიტისთან” საპასუხო შეხვედრა ისე დაგეგმა, რომ ესპანური გრანდი 1/2-ფინალში გაიყვამა. “რეალმა” მეტოქეს ბურთი შეგნებულად დაუთმო, მაგრამ მასპინძელ ფეხბურთელებს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა და თამაში მთლიანად კონტრშეტევაზე ააგო. მოკელდ რომ ვთქვათ, იტალიელმა სპეციალისტმა მანჩესტერელთა ესპანელ თავკაც პეპ გვარდიოლას პირადი დუელი მოუგო.
მატჩის მე-12 წუთზე “რეალის” კონტრშეტევის დროს ვინისიუს ჟუნიორი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი როდრიგოს გაუკეთა, რომლის პირველი დარტყმული ედერსონმა მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ ბრაზილიელს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაამატა – 0:1. პირველი ტაიმში ანგარიში გათანაბრების კარგი შანსი ჰოლანდს ჰქონდა, რომლის თავურის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო კართან ახლოს მდგომმა ბერნარდუ სილვამ ვერ დაამატა.
მეორე ტაიმის დასაწყისში “რეალის” მეკარე ლუნინმა საჯარიმოში მყოფ გრილიშს არ გაატანინა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერად დაარტყა. ამის შემდეგ, მადრიდელთა გოლკიპერმა კარი უკვე ფოდენს არ დაანება. 76-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან დოკუ შეიჭრა, რომლის ჩაწოდების მერე რუდიგერმა ბურთი ვარდნაში ცუდად მოიგერია და კართან ახლოს მყოფმა დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეცვლილა. “რეალმა” პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა, არადა, მადრიდელებიდან პირველი თერთმეტმეტრიანი ლუკა მოდრიჩმა შეასრულა, რომელმაც ედერსონს ვერ აჯობა. თუმცა, ლუნინმა ბერნარდუ სილვას და კოვაჩიჩის დარტყმულები მოიგერია, ხოლო მის თანაგუნდელებს მეტი თერთმეტმეტრიანი აღარ გაუფუჭებიათ და “რეალი” ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2-ფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა.
ანჩელორი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის რაოდენობით გვარდიოლას გაუთანაბრდა – 10-10. გარდა ამისა, ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც გვარდიოლა ნახსენები ტურნირიდან 3-ჯერ გამოთიშა. “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მეექვსედ გააგდო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა.
“რეალი” 1/2-ფინალში მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი თამაში ლონდონში “არსენალთან” 2:2 ითამაშა, ხოლო შინ კიმიხის მიერ 63-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო. “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეცამეტედ გავიდა, რაც ტურნირზე მეორე შედეგია, “რეალის” შემდეგ. მიუნხენელთა თავკაცი თომას ტუხელი პირველი გერმანელი სპეციალისტია, რომელმაც 3 სხვადასხვა გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გაიყვანა. მანამდე, მან იმავე ლონდონის “ჩელსისთან” და პსჟ-სთან ერთად მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ტუხელმა “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაში 58-ე “მშრალი” მატჩი ჩაატარა და ესპანელი იკერ კასილიასის რეკორდი გააუმჯობესა. “ბაიერნმა” “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან მეხუთედ გამოთიშა.
1/2-ფინალის პირველ მატჩში “ბაიერნი” “რეალს” 30 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა მადრიდში 7 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი