საქართველო ევროპის ჩემპიონატს დავით ყიფიანის დაბადების დღეს იწყებს

0
10

საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი წელს ზაფხულში გერმანიაში გასამართ ტურნირზე პირველ მატჩს 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში თურქეთთან ჩაატარებს.
სიმბოლურია, რომ 18 ივნისი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის დაბადების დღეა, რომელმაც თბილისის “დინამოში” გამოსვლის დროს თავისი განუმეორებელი სათამაშო მანერით მსოფლიო ფეხბურთში ეპოქა შექმნა.
მაშინდელი “დინამოს” წარმატების პიკი 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებაა, ხოლო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ეროვნული ნაკრების ამ წარმატებას საფუძველი ქართველი ფეხბურთელების მრავალმა თაობამ ჩაუყარა, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ყიფიანია. ნიშანდობლივია, რომ ის საქართველოს ნაკრებსაც უნარიანად ხელმძღვანელობდა და საუცხოოდ ესმოდა თუ რას ნიშნავს დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაში. მართალია, თავად ყიფიანი ჩვენი ნაკრების ევროპაზე გასვლას ვერ მოესწრო, მაგრამ 18 ივნისს მისი სული აუცილებლად გუნდის ირგვლივ იტრიალებს.
ლაშა თაბაგარი