კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა „დინამომ“ ქუთაისის “ტორპედოს“ დრამატულ ორთაბრძოლაში აჯობა.
მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს. ასევე, ცალკე გამოარჩიეს გიორგი წიტაიშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომლებიც ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მატჩებისთვის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იყვნენ. ისინი საპატიო კორიდორში გაატარეს.
ბათუმელებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, როდესაც კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა გიორგი წიტაიშვილმა მარცხნიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა სენეგალელმა ონორე გომისმა თავით გაიტანა – 1:0. 26-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი მჭედლიშვილმა ფიზიკური ორთაბრძოლა წიტაიშვილს მოუგო, რომელიც სერბმა ბოიან მლაჯოვიჩმა ვერ დააზღვია და მისი პასის მერე ნორვეგიელ ბიორნ იონსენს როინ კვასხვაძემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა ზუსტად დაარტყა – 1:1.
37-ე წუთზე პორტუგალიელმა პედრო მონტეირომ კარგი პასი მისცა ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილ გიორგი არაბიძეს, რომელიც ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ წააქცია და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა. არაბიძემ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია, რომელსაც დარტყმის მომენტში ორივე ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა და ამიტომ არბიტრმა პენალტი გაამეორებინა. ამჯერად, სტანდარტული იონსენმა შეასრულა და „ტორპედო“ დააწინაურა – 1:2. ტაიმის მიწურულს სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან წიტაიშვილმა სახიფათოდ დაარტყა და სერბმა კლიაიჩმა ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფელიპე პირესი ბურთიანად შევიდა მასპინძლების საჯარიმოში და სახიფათოდ დაარტყა – კვასხვაძემ ბურთი მოიგერია. 86-ე წუთზე წიტაიშვილის გადაცემის მერე, ქუთაისელთა საჯარიმოში მყოფი ლევგან ხარაბაძის ჩაწოდებული ბურთი პედრო მონტეირომ თავის კარში ჩაჭრა – 2:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ცოტნე ფაცაციას დარტყმის მერე, ტორპედოელთა კაპიტან ნიკა სანდოხაძეს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც მამუჩაშვილმა გაიტანა – 3:2. განვლილ მატჩში „დინამოში“ ფორვარდ ლევან კუტალიას დებიუტი შედგა, რომელიც რამდენიმე წლის წინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით „დინამოს“ ამ სეზონში ხუთივე თამაში მოიგო და 15 ქულით 10 გუნდს შორის პირველი, ხოლო „ტორპედო“ 6 ქულით მეხუთეა.
დინამო ბთ 3:2 ტორპედო
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთმა“ მეორე თამაში მოიგო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ფოთელებმა რუსი იგორ ვასილენკოს გაწვრთნილი „თელავი“ მიიღეს და 3:1 აჯობეს. სტუმრები 37-ე წუთზე ელდარ პარკინაშვილმა დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე გიორგი ხარებავას პასით დემეტრე გვასალიამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 66-ე წუთზე მასპინძლები წინ რუსმა კირილ კლიმოვმა გაიყვანა, რომელმაც მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე დუბლი შეასრულა – 3:1. მანამდე, მეორე ყვითელი ბარათი თელაველთა ფორვარდმა თორნიკე ახვლედიანმა მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა. 93-ე წუთზე „კოლხეთი“ კაცნაკლული დარჩა, რადგან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი აბუაშვილი გააძევეს. „კოლხეთი“ 8 ქულით მეოთხეა, „თელავი“ კი 3 ქულით – მეშვიდე.
კოლხეთი 1913 3:1 თელავი
ლაშა თაბაგარი





