თორნიკე შენგელიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, მაგრამ მისი ჩინებული თამაშის მიუხედავად, “ვირტუს ბოლონია” დამარცხდა. ეს მოხდა იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, რომელშიც ვირტუსი სტუმრად “პეზაროს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 86:87 წააგო.
ბოლონიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე 3-ქულიანი მიიღეს, რის გამოც ოვერტაიმი დაინიშნა. იქაც, ყველაფერი ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, “პეზარომ” მაინც მოიგო.
შენგელიამ 29 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.
“პეზაროს” შემადგენლობაში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი მარკის მაკდაფი იყო (23 ქულა, 8 მოხსნა), ანდრეა ჩინჩარინიმ 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, ხოლო “ვირტუსში” მარკო ბელინელი გამოირჩა 18 ქულით.
“ვირტუს ბოლონია” იტალიის ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს, რის გამო მხოლოდ 16 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 25 მარტს, ლიდერ “ბრეშას” სტუმრად დაუპირისპირდება.





