კვარაცხელიამ ლიდერთან ქულა აიღო

0
42

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერ მილანის „ინტერს“ შეხვდა და ქულა მატჩის მიწურულს აიღო.
მატჩის მე-13 წუთზე „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა ჯერ ახლო მანძილიდან ბარელას მიერ თავით დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ კარი არც ლაუტარო მარტინესს დაანება. 43-ე წუთზე „ინტერმა“ რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაითამაშა და მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ბასტონიმ პასი დარმიანს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0. „ნაპოლის“ პირველ ტაიმში მილანელთა კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ინტერმა“ ნეაპოლელთა კართან ვითარება გაამწვავა და ლაუტარო მარტინესს მერეტმა აუღო. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში შორი მანძილიდან დიმარკომ დაარტყა და მერეტი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 55-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს გაცდა და მარცხნიდან ცენტრისკენ შეწეულმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – ზომერი ბურთს დაეუფლა. 81-ე წუთზე „ნაპოლიმ“ კუთხური ჩააწოდა და ბასტონის თავიდან ბურთი კარის შორეულ ძელთან მდგომ ჟესუსს მიუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. კვარაცხელია ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. “ნაპოლი” 45 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი