გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „ზალცბურგს“ ფეხდაფეხ მიჰყვება. მე-20 ტურში გრაცელები სტუმრად „ტიროლს“ შეხვდნენ და 2:0 აჯობეს. გამარჯვებულთა სასტარტოში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმმა“ ანგარიში მე მე-9 წუთზე ბიერეტის დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო სამ წუთში სტანკოვიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. სტუმრებს 61-ე წუთზე მცველი ვუტრიხი გაუძევეს, მაგრამ „ტიროლმა“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. „შტურმს“ 42 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
კვიპროსის ჩემპიონატის 27-ე ტურში აპოელმა გასვლაზე „ანორთოსისს“ ვერ მოუგო. საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია 70-ე წუთზე შეცვალეს. აპოელი 60 ქულით ჩემპიონატს, რომელიც ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო, ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „არისს“ 4 ქულით ასწრებს.
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქარაგიუმრუქმა“ შინ „ალანიასფორთან“ ქულები ბოლო წუთზე დაკარგა. მასპინძლებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტიდან გაიტანეს. არველაძის გუნდი 33-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან ფორვარდი მენდესი გაუძევეს. „ქარაგიუმრუქი“ 29 ქულით 20 გუნდში მეთოთხმეტეა.
ლაშა თაბაგარი





