საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის სერბი ალეკსანდარ ჯიკიჩის აზრით, მისი შეგირდები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად დანიასთან გასამართ პირველ მატჩში თავის საუკეთესო კალათბურთს ვერ აჩვენებენ, მაგრამ ეს თამაში დადებითი შედეგის მისაღწევად საკმარისი იქნება. მან ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა.
ალეკსანდარ ჯიკიჩი: “ძალიან მძიმე თამაშს ველოდებით ფიზიკური და მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს და ამისთვის იმ ფაქტის გამოყენებას აპირებენ, რომ ისინი ფინელებმა თავიანთ ჯგუფში აირჩიეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე დღეა გუნდი სრული შემადგენლობით ემზადება. ჩვენს საუკეთესო კალათბურთს ნამდვილად ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს თამაში დადებითი შედეგისთვის საკმარისი იქნება.
ნამდვილად მჯერა, რომ გუნდი მომავალში უკეთ ითამაშებს, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, მას შემდეგ, რაც ბიჭები მიხვდებიან როგორ შემიძლია დავეხმარო მათ, რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი აჩვენონ. ამის შემდეგ ეს ფაქტორები უნდა გავაერთიანოთ. ის, რაც შეიძლება ინდივიდუალურად კარგი იყოს, გუნდისთვის დადებითს არ ნიშნავდეს და პირიქით. თუ რამე გუნდისთვისაა სასარგებლო, შესაძლოა ინდივიდუალურად მოთამაშისთვის კარგი არ იყოს. თუმცა, მჯერა, რომ ისინი გაიაზრებენ, თუ რას ნიშნავს გუნდის ერთიანობა და მზად იქნებიან თავი გაწირონ ერთმანეთისთვის.
დასაწყისიდანვე ვცდილობდით, რომ ზედმეტი არ გვეფიქრა დანიაზე. ვგულისხმობ მეტოქეს, რადგან ეს ის არის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, ვცდილობდით ის გაგვერკვია, თუ როგორ შეგვეძლო მაქსიმალური ხარისხის მიღწევა და სისუსტეების დამალვა. თავისთავად ვსაუბრობ ახალ გუნდზე, ეს სრულიად განსხვავებულო ნაკრებია იმ შემადგენლობისგან, რომელმაც ზაფხულში ითამაშა”.
კალათბურთი ჯიკიჩი: “ეს თამაში დადებითი შედეგისთვის საკმარისი იქნება”