შერმადინი ნახევარფინალშია, შენგელია თასს გამოეთიშა

0
57

გიორგი შერმადინი იყო ერთ-ერთი, რომლის დამსახურებითაც ლენოვო ტენერიფემ ლამის გმირული მატჩი მოიგო და თასის ნახევარფინალში გავიდა. ტრადიციულად, თებერვლის თვეში ევროპის წამყვან ლიგებში თასის გათამაშება ტარდება და ასეა ესპანეთშიც, სადაც პირველი წრის 8 საუკეთესო გუნდი ერთ ქალაქში იკრიბება და სამეფო თასისთვის თამაშობს.
წლეულს თასის გათამაშების მასპინძელი მალაგა გახლავთ და სწორედ ამ ქალაქის გუნდი, უნიკახა იყო ტენერიფელთა მეტოქე მეოთხედფინალში. სწორედ უნიკახამ გამოაგდო ტენერიფე შარშანდელი თასის გათამაშებიდან და წლეულს, რაკი მასპინძელი იყო, აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ჰოდა, აიღეს ტენერიფელებმა და მისსავე ქალაქში, მალაგელებით სავსე დარბაზში 91:83 დაამარცხეს უნიკახა.
ამ საქმეში სოლიდური წილი უდევს ქართველ ცენტრს. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინთან ერთად ტენერიფელთა გამარჯვება გამოჭედეს კანადელმა აარონ დორნკამპმა, რომელმაც 6-დან 6 სამქულიანი და ჯამში 25 ქულა ჩააგდო და ამერიკელმა კაილი გაიმ – 23 ქულა, 7 პასი.
თასის ნახევარფინალში ტენერიფეს მეტოქე ბარსელონა იქნება, რომელმაც მეოთხხედფინალიდან მანრესა გამოთიშა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ვალენსია და რეალი დაუპირისპირდებიან.

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” იტალიის თასის გათამაშებას მოულოდნელად გამოეთიშა. მეოთხედფინალურ მატჩში ბოლონიელთა მეტოქე იყო “რეჯიო ემილია”, რომელთანაც შენგელიას გუნდი დაძაბულ ბრძოლაში – 72:81 დამარცხდა. მატჩის მიწურულს ბოლონიელები 69:68 იგედნენ, თუმცა ამის შემდეგ რეჯანამ 8-ქულიანი “გაქცევა” განახორციელა, რამაც დუელის ბედი გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბოლონიური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო, მის ანგარიშზე 20 ქულა (6-დან 3 სამქულიანი), 10 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა და 1 დაფარებაა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლენგსტონ გოლოვეი იყო, NBA-ს ექსმოთამაშემ 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
იტალიის თასის 1/2-ფინალში „რეჯო ემილია“ „ნაპოლის“ შეხვდება. მეორე წყვილი გიგა ჯანელიძის „ვენეციამ“ და მილანმა“ შეადგინეს.
„ვირტუსი“ მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 29 თებერვალს „ვალენსიასთან“ გამართავს. მანამდე შენგელიას საქართველოს ნაკრებში ელის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი – 23 თებერვალს დანიასთან, 26-ში სერბეთთან.