წყალტუბოს ,,სამგურალი” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ანთალიაში ემზადება. გუნდთან ერთად იმყოფება 25 წლის ფლანგის ნახევარმცველი ილია ახვლედიანი, რომელიც წყალტუბოს ,,სამგურალში” ახლახანს დაბრუნდა.
ილია ახვლედიანი ,,სამგურალის” ღირსებას 2018-2022 წლებში იცავდა. ერთი სეზონი ითამაშა ქობულეთის ,,შუქურაში”. გასულ წელს კი ,,სამტრედიაში” გამოდიოდა.
– ილია თავდაპირველად განვლილი ორი შეხვედრა შევაფასოთ, როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი, როგორი განწყობაა გუნდში ?
– მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვცდილობთ, შევასრულოთ ის დავალებები რასაც სამწვრთნელო შტაბი გვაძლევს. გუნდში მეგობრული განწყობაა, ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, რაც შედეგზეც მოქმედებს. ვითამაშეთ ორი თამაში, ,,ტობოლთან” და ,,ჟენისთან”, სადაც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა, რასაც ბევრი შრომა სჭირდება .
– ანტალიაში ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ წვიმიანი ამინდებია, ეს მზადებაში ხელს ხომ არ გიშლით?
— ამინდები დიდად ხელს არ გვიშლის. კარგი პირობებია იმისათვის რომ გუნდი კარგად მოემზადოს.
– ერთწლიანი განშორების შემდეგ სამგურალს დაუბრუნდი, რას იტყვი მაშინდელი და ახლანდელი გუნდების შესახებ, ბევრი რამ დაგხვდა შეცვლილი?
– სამგურალს ყოველ წელს კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც იბრძვის მაღალი მიზნებისთვის. ცვლილებას რაც შეეხება უკეთესი სავარჯიშო პირობები გვაქვს და რაც მთავარია, სახლის თამაშებს ძირითადად წყალტუბოში ვითამაშებთ. ეს ყველაფერი გუნდისთვის დიდი პლიუსია.
– ახალი მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიას მიდგომებზე რას იტყვი, რამდენად საინტერესო და კომფორტულია მასთან მუშაობა?
– რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მას და ,,სამგურალის”ხელმძღვანელობას ნდობისთვის. შევეცდები ყველანაირად გავამართლო მათი იმედები.
რაც შეეხება, ბატონ მიხეილ აშვეთიასთან მუშაობას, ის დიდი ხანია იცნობს გუნდის ძირითად ბირთვს, იცის ყველა ფეხბურთელის ხასიათი, პლიუსები და მინუსები. ჩვენთვის კომფორტულია მასთან მუშაობა და ალბათ, მწვრთნელისთვისაც კარგია ასეთ გარემოში ყოფნა.
– როგორ ფიქრობ, სამგურალი ისეთივე კონკურენტუნარიანი და მებრძოლი კლუბი იქნება, როგორიც გასულ ორ სეზონში იყო?
– როგორც აღვნიშნე, განვლილ ორ წელიწადში ,,სამგურალმა” დიდი პროგრესი განიცადა და ჩამოყალიბდა კონკურენტუნარიან გუნდად, ვისთან თამაშიც ყველა გუნდს უჭირს და ჩემის აზრით, წლეულს არანაკლებ კარგი გუნდი გვეყოლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ მიზანს მივაღწიოთ, რისთვისაც გუნდი გასულ წლებში იბრძოდა.
– და ბოლოს, რას ეტყოდი სამგურალის ქომაგებს?
– სამგურალის ქომაგებს შემიძლია ვუთხრა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გვერდით ყოფნას და ეს წყალტუბოელმა გულშემატკივარმა კარგად იცის. ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ წყალტუბოს ,,სამგურალი” იყოს წარმატებული და ამაში ერთმანეთის გვერდით დგომაა საჭირო.





