ვილი სანიოლი: “რთული ჯგუფია, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ”

0
51

ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. პარიზში გამართულ კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი B ლიგის 1 ჯგუფში ჩეხეთს, უკრაინას და ალბანეთს შეხვდება.
საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კენჭიყრის შედეგი ასე შეაფასა:
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.
მარტის პლეი ოფის წინ მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში  ვნახო. ლუქსემბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ”.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ს ვიცეპრეზიდენტი): “ძალიან მნიშვნელოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი.
რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს – საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა, ახლა მთავარი მარტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ”.
ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.
ლაშა თაბაგარი