დანიის “კოპენჰაგენი”, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს. A ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სკანდინავიელებმა თურქეთის “გალათასარაი” მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ლერგერმა გაიტანა. ტრავმის გამო ხოჭოლავას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშია და იმედია მომავალი წლის გაზაფხულზე ისევ გუნდის სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იქნება. “კოპენჰაგენმა” 8 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 16 ქულით მიუნხენის “ბაიერნი” გავიდა, რომელმაც 1/8-ფინალში თამაში მანამდე გაინაღდა, მაგრამ ამის მიუხედავად სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” 1:0 აჯობა. “გალათასარაიმ” 5 ქულით მესამე ადგილი და 2024 წლის გაზაფხულზე ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში თამაშის უფლება მიიღო. “მანჩესტერ იუნაიტედი” 4 ქულით ბოლო პოზიციაზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი





