პაპუნაშვილის დუბლი აზერბაიჯანში

0
52

გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-16 ტურში განჯის “ქიაფაზი”, სადაც პაპუნაშვილთან ერთად მათე კვირკვია გამოდის, სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ “გაბალას” შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მე-6 წუთზე “ქიაფაზის” კონტრშეტევის დროს პაპუნაშვილი მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და ანგარიში გახსნა. 49-ე წუთზე “გაბალას” ფეხბურთელი გაუძევეს ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო. 70-ე წუთზე პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ნიანემ “გაბალა” მეორედ დაამწუხრა. 72-ე წუთზე თანაგუნდელის პასის მერე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა პაპუნაშვილმა ვარდნაში დუბლი მიითვალა. 28 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი 89-ე წუთზე შეცვალეს. ის “ქიაფაზს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 10 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. კვირკვიამ 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ე წუთზე მოედანი დატოვა.
ამ გამარჯვების წყალობით “ქიაფაზმა” 13 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია – 12 გუნდში მეთერთმეტეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბრატისლავას “სლოვანმა” გასვლაზე “პოდბერეზოვა” 6:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშეს. მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი