მიქაუტაძეს წუთითაც არ ენდნენ

0
16

გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის “აიაქსის” შემადგენლობაში ისევ არ ათამაშე. ევროპა ლიგის ჯგუფური ტურნირის მე-5 ტურში ნიდერლანდური გუნდი სტუმრად “მარსელს” დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე ერთი წუთით არ გასულა. ფრანგები მე-9 წუთზე ობამეიანგმა დააინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. გოლის გაშვებიდან ერთ წუთში საპასუხო ბურთი ბრობიმ გაიტანა. 26-ე წუთზე მბემბამ “მარსელი” ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ ოთხ წუთში ბრობიმ გაათანაბრა. 47-ე წუთზე ობამეიანგმა დუბლი მიითვალა, ხოლო 79-ე წუთზე აკპომმა ანგარიში მესამედ გაათანაბრა. “მარსელს” ობამეინაგმა მოაგებინა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად მეორედ შეასრულა.
“აიაქსს” B ჯგუფში თამაში არ მოუგია და 2 ქულით ბოლო ადგილზეა. დასკვნით ტურში ამსსტერდამელები ათენის აეკ-ს მიიღებენ.
ლაშა თაბაგარი