„სამგურალმა“ „დილას“ აჯობა, „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი მატჩი შემოატრიალა

0
53

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ბათუმში ჯონი ბაკურიძის საახელობის საწვრთნელ ბაზაზე გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის 26-ე წუთზე გორელთა ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ თავის საჯარიმოში ხელი ჰკრა ლუკა ხორხელს, რომელიც დააეცა. თავდააპირველად ისე ჩანდა, რომ სტუმართა ფეხბურთელმა თამაშის წესი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ დაარღვია, მაგრამა მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა ეს ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ნოდარ ლომინაძემ გამოიყენა – 1:0. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და არგენტინელი ევერ დემალდეს გაწვრთნილი გორელები 57 ქულით ვიდრე „ტორპედო“ ითამაშებს 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან. უკრაინელი ოლექსანდრ პოკლონსკის თავკაცობით „სამგურალმა“ 54 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
სამგურალი 1:0 დილა 
ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები „გაგრა“ და „სამტრედია“ ერთმანეთს თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დაუპირისპირდნენ. გიორგი ონიანის გაწვრთნილმა გაგრელებმა მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას 3-ჯერ აგებდნენ, ძალიან საჭირო სამი ქულა მოიპოვეს.
შეხვედრის მე-15 წუთზე სტუმართა აზერბაიჯანელ ნახევარმცველ აბდულა ხაიბულაევს „გაგრას“ საჯარიმოში ხელით ჯერ თემურ შონია უბიძგა, შემდეგ საბა მამაცაშვილი დაეჯახა და მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა პენალტი დადო, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიელმა ალექსანდარ მიშოვმა გამოიყენა 0:1.
მე-18 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა მეტოქის ფეხბურთელს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა და მიშოვს გადააწოდა, რომელმაც კარგი პასი იმავე ახვლედიანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რითაც „სამტრედიას“ ფორვარდმა კარგად ისარგებლა – 0:2.
21-ე წუთზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველი ჩვეულ სტილში შეტევაში ჩაერთო და დაახლოებით 24 მეტრიდან დარტყმით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა – 1:2. 33-ე წუთზე გაგრელთე შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ვასილ ხოსიტაშვილმა „სამტრედიას“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებს ზამბიელმა ჯუსტინ შონგამ დაასწრო და თავით გაიტანა.
41-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიმ სტუმართა საჯარიმოში ხაიბულაევი მოძებნა, რომელმაც მარცხენა ფეხით შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა – 2:3. 62-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შონგამ კუთხური ჩააწოდა და შალვა ბურჯანაძემ კარიდან გამოსულ ლუკა ხარატიშვილს დაასწრო, რის შემდეგ თავით ანგარიში გაათანაბრა – 3:3. 69-ე წუთზე სამტრედიელთა საჯარიმოში მარცხნიდან ბურთიანად შეჭრილი გიორგი ლომთაძე დავით უბილავამ წააქცია და კვირიკაშვილმა რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების მერე თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც ზურაბ მუსელიანმა გაიტანა – 4:3.
„გაგრა“ 35 ქულით მე-8 ადგილზეა, მაგრამ დღეს თავისი მატჩი „თელავმა“ უნდა ჩაატაროს. ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ 33 ქულას მოუყარა თავი და მეცხრეა.
გაგრა 4:3 სამტრედია
ლაშა თაბაგარი