ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ფერნანდო დინიზს მიაჩნია, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „მარაკანაზე“ არგენტინასთან 0;1 წაგებულ მატჩში, მისი გუნდი გამარჯვებას უფრო მეტად იმსახურებდა.
„ორი ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობდა, რომელთაც ტრადიციები აქვთ. მართალია, კარში დარტყნების რაოდენობა თანაბარი იყო, ბრაზილიამ გაცილებით მეტი სახიფათი მომენტი შექმნა. არგენტინას შანსი არ ჰქონია – ერთადერთი მომენტი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ შექმნეს, როდესაც პოზიციურად შევცდით და ოტამენდიმ გაიტანა. კონტრშეტევების დროს მომენტები გვქონდა, მაგრამ ბოლო პასი და შეტევის დასრულება დაგვაკლდა. გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით ვიდრე არგენტინა. ვფიქრობ შედეგი უსამართლო იყო.
რთულია იმის თქმა, რომ ბრაზილიამ ჩემი ხელმძღვანელობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რადგან ბოლივიასთან გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. თუმცა, მეტოქის სათამაშო დონე გასათვალისწინებელია. არგენტინა მატჩს ძალიან თავდააჯერებული შეხვდა, რადგან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენთვის ეს შეხვედრა საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ – იუწყება დინიზის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
ლაშა თაბაგარი





