სანიოლი: “კვარაცხელია რთულ პერიოდში მეტს ისწავლის”

0
65

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ადრე თუ გვიან ისევ იმ დონეზე ითამაშებს როგორც გასულ სეზონში. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ხვალ თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შოტლანდიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეც დესწრო.
ვილი სანიოლი: “წინ ორი მატჩი გველოდება, რომელიც მარტში გასამართი პლეიოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვეცდებით მხოლოდ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ოქტომბერში ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან რთული სექტემბერი გვქონდა. ახლა რთულია იმაზე საუბარი, რომ თბლისში შოტლანდიასთან აქამდე  არ წაგვიგია. შესაძლოა, ეს სტატისტიკა ადრე თუ გვიან დასრულდეს.
გუნდში კარგი ატმოსფეროა, მოთამაშეები კარგად გრძნობენ თავს. ფეხბურთელები კონცენტრირებული ხვალინდელ თამაშზე არიან და გარემო ძალიან დადებითია. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მივეცით არჩევანი ოჯახთან ყოფილიყო ან ნაკრებში დარჩენილიყო. მან კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ნაკრებთან და ეს თავიდან ბოლომდე მისი გადაწყვეტილებაა.
“ბაზელიდან” შეკრების წინ შეგვატყობინეს, რომ გაბრიელ სიგუას აქილევსი აწუხებდა, ამიტომ, არ არის შეკრებაზე, სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია. შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია, ჩვენთვის ეს ორი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოსამზადებელი თამაშები მარტისთვის, შოტლანდიისთვის კი ევროპის ჩემპიონატისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ თამაშს ვიხილავთ.
კვარაცხელიასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო. ფეხბურთში რაც არ უნდა კარგად ჩაატარო სეზონი, მეორე სეზონში იგივე უნდა გაიმეორო. ახლა, არა მხოლოდ ხვიჩას, არამედ „ნაპოლისაც“ დაემართა ეს, რადგან გუნდი შარშანდელივით ვერ თამაშობს. თუმცა, კვარაცხელია ჩემი აზრით, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ვფიქრობ, რომ ასეთ რთულ პერიოდში უფრო მეტს ისწავლის და ადრე თუ გვიან დაუბრუნდება იმ დონეს, რაც გასულ სეზონში აჩვენა.
ასე რომ, ამ მხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ხვიჩა რა თქმა უნდა, გამორჩეული ფეხბურთელია ჩვენს გუნდში, მიქაუტაძემაც ნაკრებში ბოლო პერიოდში კარგად ითამაშა. განსაკუთრებით მიხარია გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესი, რაც იმ შრომის ნაყოფია, რომელიც მან გოლო პერიოდში გაწია და იმედი მაქვს, მუშაობას გააგრძელებს. ინგლისის ჩემპიონშიფი ძალიან რთული ჩემპიონატია კარგად სათამაშოდ, ჩაკვეტაძე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ყველა მწვრთნელს სურს, რომ მისი საუკეთესო ფეხბურთელები მოედანზე იყვნენ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარია სწორი ბალანსის შერჩევა.
ყოველთვის 10 შემტევით ვერ ვითამაშებთ. ჩემი საქმე ის არის, რომ შემადგენლობაში ბალანსი შევინარჩუნო. ხვიჩა დიდ სივრცეს იკავებს ამ გუნდში. მიქაუტაძეც ოქტომბრის და გასული წლის მონაცემებით მაღალ დონეზეა, თუმცა ყველაზე ბედნიერი ჩაკვეტაძით ვარ. ბოლო 6 თვეში მან საგრძნობლად მოუმატა და ვგრძნობ, ის მალე საუეთესო ფორმაში იქნება. გიორგი ამჟამად, ძალიან რთულ ლიგაში თამაშობს და იქ ადაპტირდება.
ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ფეხბურთელებმა უკვე უნდა იცოდნენ მათი დავალებები და რას ველოდები მათგან. ჩვენი მიზანია სათანადოდ მოვემზადოთ მარტისთვის და დავალებები კარგად უნდა შევასრულოთ“.
გიორგი მიქაუტაძე: “მატჩებისთვის ასი პროცენტით მოტივირებული ვარ. მინდა გუნდს დავეხმარო და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ბევრს ვვარჯიშობ და იმ შემთხვევაშიც, როდესაც თამაშის საშუალება მეძლევა, ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ. დანატებითაც ვვარჯიშობ.
ასეთი სიტუაცია „მეცშიც“ მქონდა და მაშინ მოვახერხე იქიდან გამოსავლის მოძებნა და მჯერა, „აიაქსშიც“ იგივეს შევძლებ. მწვრთნელს ვესაუბრე და ის სათამაშო დროს დამპირდა, თუმცა ეს ის სიტუაცია ნამდვილად არ არის რომელიც მსურს. ინგლისურს ვსწავლობ, რომ ყველაფერი გამიიოლდეს.ნაკრებში გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო“.
ლაშა თაბაგარი