“ფონდი არველაძე” 6 უფასო საფეხბურთო სკოლის გახსნას გეგმავს

0
53
“ფონდი არველაძე” რეგიონებში 6 უფასო საფეხბურთო სკოლის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ფონდის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი იუწყება:
“ფონდ არველაძის” ახალი პარტნიორი საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი გახდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენმა ფონდმა ახალ პარტნიორთან ერთად, აჭარისა და კახეთის რეგიონის მიმართულებით სპეციალური პროგრამა “მომავლის ჩემპიონები” შეიმუშავა, რომელიც სპორტულ, სოციალურ და სამეწარმეო მიმართულებას მოიცავს.
ქედის, შუახევის, ხულოს და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პროექტის მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ფეხბურთის საშუალებით, პროექტის მონაწილეების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით საგანმანათლებლო კურსში, ახალგაზრდების ჩართულობა იქნება.
მერისში, დაბა შუახევში, ღორჯომში, ჯოყოლოში, ომალოსა და ახმეტის მუნიციპაიტეტში დაგეგმილია ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლის გახსნა, რომლის ფარგლებშიც, მოზარდებთან ადგილობრივი მწვრთნელები იმუშავებენ. პროგრამის დაწყებამდე, ექვსივე გუნდის მწვრთნელი ფონდის სპეციალური პროგრამით გადამზადდება.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა და ფონდ არველაძის ერთობლივი პროექტი კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან, მწვანე სექტორთან და Impact Hub Tbilisi-სთან პარტნიორობის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება”.