ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის შესაძლებლობას საუკეთესოდ იმ პოზიციაზე ავლენს, რომელზეც მას საქართველოს ეროვნული გუნდში ათამაშებენ. ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხად, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “დიდი ხანია ისეთი სისტემით ვთამაშობთ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია უფრო ცენტრისკენაა შეწეული. ბოლო თვეების მანძილზე, “ნაპოლიშიც” ხშირად იწევდა ცენტრში. კვარაცხელია ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. 2021 წლის ოქტომბერში შევცვალე ტაქტიკა და ცენტრში შევწიე, ხვიჩა მაინც ძალიან მაგრად თამაშობს. არ არის მნიშვნელოვანი, ზუსტად სად დააყენებ მაღალი დონის ფეხბურთელს, მთავარია, მას საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენის საშუალება ჰქონდეს. ნაკრებში ისეთ პოზიციაზეა, რომ დაცვაში ჩამორბენა და დიდი ენერგიის დახარჯვა არ უწევს. ხვიჩა საკუთარ თავს საუკეთესოდ იმ პოზიციაზე აჩენს, სადაც ჩვენ მას ვაყენებთ. ოთარს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და ზუსტად არავინ იცის, რა დროს დასჭირდება დასაბრუნებლად. მას კარგი რეაბილიტაცია და დასვენება სჭირდება, რადგან აქილევსის მყესს ფრთხილად უნდა მოეპყრო.
ხოჭოლავა დაბრუნდა, ითამაშა, განაცხადშიც იყო, მაგრამ მუხლის პრობლემა შეექმნა და კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა. ზუსტად არ ვიცით, თუ რა სახის პრობლემა აქვს მას.
ლობჟანიძე ნაკრებში იმიტომ არ არის, რომ დღეს გამთენიისას ითამაშა და ჩამოსასვლელად ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. საბასთან პრობლემა არ მაქვს და ეროვნულ გუნდში მხოლოდ იმიტომ არაა, რომ კლუბში თამაში ჰქონდა. მას ნაკრებში სულ ვიძახებდი და მისით კმაყოფილი ვარ.
წინ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გველოდება, ევრო 2024-ის პლეი ოფს ვგულისხმობ. შოტლანდიასთან და ესპანეთთან შეხვედრის გარდა, პლეი ოფამდე სხვა თამაშები არ გვაქვს. ჩვენ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას კიდევ ერთხელ მივცემთ, თუმცა 4 თვის მერე ვინ როგორ ფორმაში იქნება, არავინ იცის. ამიტომ ვნახოთ, რა იქნება.
წელს ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცი შანსი. გაგნიძე და საზონოვი მსგავს სიტუაციაში არიან – ისინი საკუთარ კლუბებში არ თამაშობენ და ინტენსივობა აკლიათ. მათ მეტი უნდა ითამაშონ, რათა გაზრდა და უფრო მაღალ დონეზე ასვლა შეძლონ. იმედი მაქვს, რომ ეს რთული ვითარება ორივეს უფრო ძლიერს გახდის.
რაც შეეხება წიტაიშვილს: მის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს. აზაროვმა და შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშეს. განსაკუთრებით ლევანმა ძალიან მოუმატა და ბოლო ორი მატჩში ძალიან ეფექტიანი იყო. წიტაიშვილისთვის ნაკრების კარი დაკეტილი არაა, მისგან ბევრს ველოდებით და ისიც, რომ ბევრი კუთხით აქვს მოსამატებელი.
ნახევარდაცვაში პრობლემა გვქონდა, ასევე დაცვაშიც. ეფექტიანები ვერ ვიყავით, გაცილებით მეტი გვინდა და გვჭირდება. კვიპროსთან მეორე ტაიმში კმაყოფილი დავრჩი, ქოჩორაშვილმა, ჩაკვეტაძემ და კიტეიშვილმა კარგი ბალანსი იპოვეს. სანდრო ალთუნაშვილმა ტაილანდთან ითამაშა და კარგად გამოიყურებოდა. რასაკვირველია, მისი გამოძახება იმას ნიშნავს, რომ მისი ავსტრიაში თამაშით კმაყოფილი ვარ და მომავალი ორი მატჩისთვის შემადგენლობაში განვიხილავ. არჩევანი მაქვს და გადაწყვეტილებას მე ვიღებ.
ჩემი ფეხბურთელების მწვრთნელებთან კლუბებში და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებთან კონტაქტი მაქვს, თუმცა ყველასთან არა, რადგან მათ საკუთარ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ სურთ. ზოგჯერ, ფეხბურთელისთვის გუნდსა და ნაკრებში არსებული სიტუაცია სრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. მიქაუტაძე ნაკრებში ძალიან კარგია, კლუბში პრობლემები აქვს. ნაკრები და კლუბი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. მაგალითად, ვესაუბრე “კარლსრუეს” მწვრთნელსაც, ჩვენ სხვადასხვა საკითხს განსხვავებულად ვუყურებთ. არა მხოლოდ საფეხბურთო კუთხით, ჩვენი ნაკრების ექიმს მუდმივი კონტაქტი აქვს თავის კოლეგებთან, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ ფიზიკურ კონდიციებში არიან ჩვენი მოთამაშეები.
თუ საზონოვი ითამაშებს და თან კარგად, ის საქართველოს ნაკრების დაცვის მომავალი იქნება და ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ არ ითამაშებ, შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრების დონის მეტოქეებთან თამაში რთულია, რადგან დიდი ხანი გიწევს თავის დაცვა, ბევრი უნდა იმოძრაო. მესმის, რომ იტალიაში მცველებს თავიდან ძალიან უჭირთ, ტაქტიკურად და ფიზიკურად ბევრს ითხოვენ და საბას ადაპტაცია სჭირდება.
სიგუასთან მიმართებით, შესაძლოა, არასწორი ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ტაილანდთან მატჩის ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა. ვარჯიშზე ტაქტიკური გეგმა შევიმუშავეთ და გაბრიელი ამ ტაქტიკაში კარგად ვერ ჩაჯდა, დავალებებში კარგად ვერ გაერკვა. სიგუაც ამ ნაკრების მომავალია, კარგ გუნდში თამაშობს, ამიტომ არის ჩვენთან ერთად, თუმცა ცხადია, მან კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს და გაიზარდოს. ის ნაკრების სხვა ნახევარმცველებისგან სრულად განსხვავებულია, განსხვავებული თვისებები აქვს.
გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, მამუჩაშვილი და ლობჟანიძე ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა ეს გუნდში დისბალანსს არ ქმნის. ვლადიმერმა ძალიან კარგად ითამაშა კვიპროსთან. კაკაბაძე ყოველთვის საიმედოდ თამაშობს და ძალიან მიხარია, რომ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ის მინდვრის მიღმაც ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გოჩოლეიშვილს მარჯვნივაც შეუძლია თამაში და მარცხნივაც.
შოტლანდია და ესპანეთი სულ სხვა ნაკრები გუნდებია იმათთან შედარებით, ვისთანაც მარტში თამაში მოგვიწევს. თუმცა ტაქტიკა უნდა დავხვეწოთ და რის გაკეთებასაც ვცდილობთ, ის უკეთ გავაკეთოთ. დაცვაში თამაში დავალაგოთ, თვითრწმენა გავიუმჯობესოთ – ეს ორი მატჩი ამას ემსახურება. ცხადია, იმისათვის რომ თავდაჯერება იგრძნოს გუნდმა, შოტლანდიასა და ესპანეთთან ძალიან ბევრი რამ ძალიან კარგად უნდა გავაკეთოთ.
ქართულ საკლუბო ფეხბურთზე საკუთარი აზრი მაქვს, მაგრამ ყველას პატივი უნდა ვცე. არა მგონია, ახლა საქართველოს ჩემპიონატზე სასაუბრო დრო იყოს. თუ ქართული კლუბები ევროთასებზე გავლენ, ეს ნაკრებსაც წაადგება. ქართული გუნდები ცდილობენ, კონკურენტუნარიანები იყვნენ, მაგრამ ეს ძალიან რთულია”.
ალექსანდრე იაშვილი: “ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ გუნდის მთავარი მწვრთნელია. ეს შეკითხვა არც უნდა დაისვას, რადგან ფედერაცია სანაკრებო სიისთვის ფეხბურთელების ამორჩევაში საერთოდ არ ერევა.
ხალგაზრდული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც იქ შეუძლია თამაში, აუცილებლად უნდა ითამაშონ. თუ ეროვნულ გუნდში არ იძახებს მწვრთნელი ფეხბურთელს, არ ნიშნავს, რომ U21 გუნდშიც არ უნდა გამოიძახონ. საბა საზონოვი, როგორც ეროვნული გუნდისთვის, ისე ახალგაზრდული ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩს ჩაატარებს – 16 ნოემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შოტლანდიასთან, ხოლო 19 ნომებერს ვალიადოლიდში ესპანეთთან.
ლაშა თაბაგარი





