“ვალენსიამ”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, მიმდინარე სეზინში ჯერჯერობით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად მადრიდის “რეალს” შეხვდა და 1:5 განადგურდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს, როდესაც შეტევაში ჩართულმა დანი კარვახალმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე ისე მიიღო, რომ მეორე შეხებით საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა – 1:0. ამ შემთხვევაში ასკარად შეცდა სტუმართა კაპიტანი და მარცხენა მცველი ხოსე გაია. ამის შემდეგ ტონი კროოსმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი მამარდაშვილის კარის ზედა ძელს მოხვდა.
თავის მხრივ, “ვალენსიამ” სამი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ უგო დუროს ორჯერ “რეალის” უკრაინელმა გოლკიპერმა ლუნინმა აუღო, ხოლო ერთხელ თავად ფორვარდმა თავით ბურთი კაარში ვერ გადაგზავნა.
42-ე წუთზე “რეალის” კონტრშეტევის დროს როდრიგომ მარჯვენა ფლანგიდან პასი მეტოქის საჯარიმოში ვინისიუს ჟუნიორ გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში მკერდით გაიტანა – 2:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში ვინისიუსი ვალენსიელთა საჯარიმოს მისადგომებთან ორ მოწინააღმდეგეს გაცდა და ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა – 3:0.
50–ე წუთზე მამარდაშვილი თავისი საჯარიმოდან პასს პარტნიორს უკეთებდა, მაგრამ ბურთი როდრიგოს “ჩააბარა” და ბრაზილიელსაც გოლის გატანა არ გაჭირვებია – 4:0. 84-ე წუთზე როდრიგო “ვალენსიას” საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და მამარდაშვილის კარი კიდევ ერთხელ აიღო – 5:0. მატჩის მიწურულს უგო დურომ პრესტიჟის გოლი გაიტანა – 1:5.
“ვალენსია” 18 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




