საქართველოს ფუტსალის ნაკრები უეფამ დასაჯა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტ რაუნდში პორტუგალიასთან (2:4) ტექნიკური წაგება 0:5 ჩაუთვალა.
აღნიშნული სასჯელის მიზეზად ნატურალიზებული მოთამაშეების წესის დარღვევა დასახელდა, მაგრამ კონკრეტულად რომელი წესი დაარღვია საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, მითითებული არ არის. იმავე საბაბით უეფამ ტექნიკური მარცხი (0:5) ჩაუთვალა ჩვენს ჯგუფში სომხეთის ნაკრებს შინ ფინეთთან (სომხეთმა 2:3 წააგო). უეფამ ეს გადაწყვეტილება პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე მიიღო.
საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ უეფას გადაწყვეტილებაბუკვე გაასაჩივრა. სადისციპლინო კომიტეტი საკითხს 16 ნოემბერს განიხილავს.
უეფას ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად რომ ემზადებოდა ცოტა ხნის წინ ამის შესახებ პორტუგალიური მედია იუწყებოდა.
Relivo ირწმუნებოდა, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტი, პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპულ ფუტსალში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის ემზადებოდაა, რომელიც ნატურალიზაციის წესის გამკაცრებას გულისხმობს.
“მსოფლიოს ჩემპიონატამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და საკითხი ისევ აქტუალურია. არავის დავიწყებია მსოფლიოს 2004 წლის ჩემპიონატი, სადაც იტალია 12 ნატურალიზებული ბრაზილიელით და მხოლოდ 2 იტალიელით თამაშობდა. საქართველოს და სომხეთის ნაკრებების შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მათ წევრებს არასდროს უთამაშიათ რომელიმე ადგილობრივ კლუბსა თუ ლიგაში. პორტუგალიამ და ფინეთმა გადაწყვიტეს, გაესაჩივრებინათ ეს ფაქტები და საფუძველი ჩაეყარათ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც სულ მალე გამოცხადდება”, – წერდა მაშინ Abola.
საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში პორტუგალიასთან მარცხის გარდა შინ სომხეთსა და ფინეთს მოუგო, ხოლო სტუმრად ფინელებთან ფრე ითამაშა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ პორტუგალიას 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





