მიქაძე “თელავიდან” წავიდა და “საბურთალოს” გაწვრთნის

0
28

თბილისის “საბურთალოს” გიორგი მიქაძე გაწვრთნის, რომელმაც “თელავი” დატოვა და დედაქალაქურ კლუბს მიაშურა.
“საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს დღეიდან გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. მიქაძემ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს გამართა. შეგახსენებთ, რომ თელაველთა ყოფილი მწვრთნელისთვის საბურთალო კარგად ნაცნობი კლუბია, ვინაიდან წარსულში ჩვენს ასაკობრივ გუნდებში უმუშავია” – იუწყება საბურთალოელთა პრესსამსახური.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, საფეხბურთო კლუბი “თელავი” ადასტურებს, რომ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ, გუნდი საკუთარი ნება-სურვილით დატოვა – ბატონმა გიორგიმ, გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, რაც დაკმაყოფილდა.გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს კლუბს ნამდვილად არ სურდა მთავარ მწვრთნელთან განშორება, მითუმეტეს იმ დროს, როცა წინ ერთობ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშები გველის, პირიქით, ბატონ გიორგის სკ “თელავის” ხელმძღვანელობა, სრულ მხარდაჭერას უცხადებდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – მიქაძე “თელავს” აღარ გაწვრთნის.
აქვე გეტყვით, რომ სკ “თელავი” გიორგი მიქაძესთან ერთად, მისმა თანაშემწეებმაც (სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე, თენგიზ მაკასარაშვილი) დატოვეს.
გიორგი მიქაძის მონაგარი, გუნდში მეორედ მოსვლის შემდეგ: 16 მატჩი, 7 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება, 17:27 ბურთები.
სკ “თელავი” მადლობას უხდის გიორგი მიქაძეს და მის შტაბს გაწეული სამსახურისთვის, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას კი უახლოეს დღეებში, სანაკრებო პაუზისას შეგატყობინებთ” – ასეთი განცხადება გაავრცელა “თელავის” პრესსამსახურმა.
ლაშა თაბაგარი