უეფას ვერსიით 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დაასახელა.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გამოკითხვაში თანაგუნდელ ბელგიელ კევინ დე ბრუინს და არგენტინელ ლიონელ მესის აჯობა, რომელნაც გასული სეზონი პსჟ-ში გაატარა, ხოლო ამჟამად აშშ-ში “ინტერ მაიამის” ღირსებას იცავს. სკანდინავიელმა “სიტის” მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 58 მატჩში 55 გოლი გაიტანა.
ჰოლანდმა კუთვნილი პრიზი მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე მიიღო.
გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” ესპანელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გახდა. მან სიმონე ინძაგის (“ინტერი”) და ლუჩანო სპალეტის (“ნაპოლი”) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” 2022-2023 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მონაკოშივე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა გერმანიის ეროვნული გუნდის ექსფორვარდ მიროსლავ კლოხეს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა.
ლაშა თაბაგარი
