საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ გუნდს 30 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის – მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპსა და პლანეტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოსახვედრად ჩვენები მუნდიალზე სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელ ვენესუელას შეხვდებიან. წინასამატჩო დღეს, ტრადიციისამებრ ილიას ზუროსმა ორი საათით დატვირთა ნაკრების კალათბურთელები. ბიჭებმა მონდომებით ივარჯიშეს. სლოვენიასთან მატჩის დროს მიღებული მუხლის ტრავმა დუდა სანაძისთვის საბედნიეროდ სერიოზული არ აღმოჩნდა და ჩვენი მსროლელი ვენესუელას წინააღმდეგ ითამაშებს.
მომავალ ორთაბრძოლაზე წვრთნის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და “ორლანდო მეჯიქის” მეფარე გოგა ბითაძეს კომენტარი ჩამოვართვით:
“მიუხედავად იმისა, სლოვენია ძალიან ძლიერი მეტოქე რომაა და ცალკეულ მომენტებში არბიტრებიც არ გვწყალობდნენ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგება მაინც შეგვეძლო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. ამასთან, ვფიქრობ, იღბალიც დაგვაკლდა. თუმცა, საკალათბურთო ცხოვრება ერთი მატჩით არ შემოიფარგლება, ამიტომაც ამჟამად მთლიანად უახლოეს მატჩზე ვართ გადართული. ვენესუელასთან მეტად პრინციპული ხასიათის ასპარეზობა გველის. წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 16 უძლიერეს ნაკრებთა შორის დაიმკვიდრებს ადგილს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარული ამბავი იქნება.
მომავალი მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ზუსტად ვიცით ვენესუელელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევასა და ზუსტი სამქულიანების შესრულებაზე აკეთებს. ამ მხრივ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და წინა ხაზზე ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უკანდასახევი გზა არ გვაქვს – მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ და იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ”.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან