„დინამომ“ „დილას“ შანსი არ დაუტოვა – ხარაიშვილის საუცხოო გოლი

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული მატჩი გორში გაიმართა, სადაც ადგილობროვი „დილა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდა და მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
მატჩის დასაწყისში „დილას“ შეტევის დროს, გორელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც „დინამოს“ მცველები შეცდნენ და მიშიკო სარდალიშვილის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ტაიმის შუაწელში დავით სხირტლაძემ მოედნის ცენტრიდან კარგი პასით გიორგი ხარაიშვილი პირისპირ გაიყვამა ევგენი კუჩერენკოსთან და თბილისელი ნახევარმცველის დარტყმული ბურთი უკრაინელმა მეკარემ ფეხით მოიგერია.
მე-60 წუთზე უსმანე კამარამ მასპინძლების საჯარიმოში დავით სხირტლაძე მოძებნა, რომელმაც ქუსლით ძალიან კარგი პასი გაუკეთა გვინეელს, რომელმაც ყოფილ გუნდს გაუტანა – 0:1.
87-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა თავისი ნახევრიდან მარჯვენა ფლანგზე ლაშა ოდიშარია მოძებნა, რომელმაც თავი წაჰკრა ბურთს და პასი გამოუვიდა „დილას“ საჯარიმოში შესული ხარაიშვილის მისამართით, ამ უკანასკნელმა კი მახვილი კუთხიდან კარიდან წინ გამოსულ კუჩერენკოს თავს ზემოთ საუცხოოდ გადაუგდო – 0:2.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლევან ოსიყმაშვილმა მასპინძელთა საჯარიმოსთან ახლოს „დილას“ მცველის გადაცემა ჩაჭრა და კარგად გაითამაშა ბურთი სხირტლაძესთან, რომელიც საბოლოოდ კართან მარტო დატოვა და თბილისელთა კაპიტანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა „დინამომ“ 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თბილისელები 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ბათუმის „დინამოს“, რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა. „დილას“, რომელსაც ირაკლი მოდებაძე თავკაცობს 40 ქულა აქვს და მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი