საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ევროპის 2017 წლის ჩემპიონ სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელებს კარგი მონაკვეთებიც ჰქონდათ, თუმცა, მრავალი შეცდომა დაუშვეს, რის ფონზეც ლუკა დონჩიჩსა და მის პარტნიორებთან ასპარეზობისას წარმატებაზე ფიქრი ძნელია.
შეხვედრის გმირი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელიც ვერ გავაჩერეთ. “დალას მავერიკსის” სუპერვარსკვლავს სამმაგი დუბლის შესრულებამდე ცოტა დააკლდა- 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა.
შეხვედრაში ერთადერთი ათწუთეული, პირველი 17:16 მოვიგეთ. მეორე მეოთხედიდან სლოვენიელებმა იძალეს და 29:16 მოგვიგეს. მესამე პერიოდი 17:18 დავთმეთ, ხოლო დასკვნითი 17:25 წავაგეთ.
საქართველოს ნაკრებიდან სანდრო მამუკელაშვილი გამოირჩა, რომელსაც 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, კარგი თამაში ჰქონდა კახაბერ ჯინჭარაძესაც რომლის ანგარიშზე 12 ქულაა (სამი სამქულიანი ჩააგდო).
მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე და პლანეტის საუკეთესო 16 ნაკრებთა შორის მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია. ამისთვის, ბოლო ტურში, რომელიც ოკინავაში 30 აგვისტოს შედგება, სლოვენიამ კაბო-ვერდეს უნდა სძლიოს (ნამდვილად რთულად წარმოსადგენია, სხვაგვარად მოხდეს), ქართველმა კალათბურთელებმა კი ვენესუელასთან 15 ქულაზე მეტით არ წააგონ.
მატჩის დასრულების შემდეგ სლოვენიელთა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კალათბურთელს, ევროპის 2017 წლის ჩემპიონ კლემენ პრეპელიჩს მიქს-ზონაში გავესაუბრეთ:
“გითხრათ სიმართლე, ქართველებს ცოტათი ვუფთხოდით. ჩვენ დღევანდელ მეტოქეს შთამბეჭდავი წინა ხაზი აქვს. შენგელია, შერმადინი, ბითაძე სირთულეებს ნებისმიერ გუნდს შეუქმნიან. საქართველოს ნაკრების თამაში საგულდაგულოდ გავშიფრეთ, კარგად შევისწავლეთ თითოეული წევრის თამაშის მანერა, ძლიერი და შედარებით სუსტი წერტილები. ჩვენმა მწვრთნელმა სწორი რჩევა-დარიგება მოგვცა. აქცენტი უპირველესად დაცვაში მწყობრ და საიმედო თამაშზე გავაკეთეთ და ტაქტიკამ სრულად გაგვიმართლა – სლოვენიამ საქართველოს დაცვის ხარჯზე მოუგო.
მსოფლიო ჩემპიონატზე არათუ თითოეულ მოგებას, ქულასაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, ამიტომაც დღეს ფრიად მოტივირებულები ვიყავით. მიუხედავად იმისა, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად რომ გავინაღდეთ, მოტივაცია არც კაბო ვერდესთან დაპირისპირებისას დაგვაკლდება. საქართველოს რაც შეეხება, მომდევნო შეხვედრებში წარმატებას ვუსურვებ”.
საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 30 აგვისტოს ვენესუელასთან გამართავს.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან
