თემურ ჩოგაძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ყარაგანდის „შახტიორი“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის სტუმრად „მაქტაარალს“ შეხვდა და 1:3 წააგო. ჩოგაძემ შეუცვლელად ითამაშა და 27-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – მარჯვენა ფლანგზე რეიდი წამოიწყო და მას მერე რაც სამ მეტოქეს გაცდა, ცენტრში შეწეულმა საჯარიმოს გარედან “ცხრიანში” გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში თავი მეხუთედ გამოიჩინა. „შახტიორს“ 23 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში მოსკოვის “დინამო” სტუმრად ყაზანის “რუბინს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. მოსკოველთა სასტარტოში შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ საზონოვმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, ხოლო ლუკა გაგნიძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ლაშა თაბაგარი
