აპოელის მწვრთნელი: “ქვილითაია და დვალი ჩვენი წამყვანი მოთამაშეები არიან”

0
30

რიკარდუ სა პინტუს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები მცველი ლაშა დვალი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, აპოელისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად მიაჩნია. კვიპროსელთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიაფიკაციო ეტაპზე ხვალ გორის “დილასთან” ბორის პაიჭაძის “დინამო არენაზე” გასამართ პრესსკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის მოთამაშე ჯორჯ ეფრემიც დაესწრო.
რიკარდუ სა პინტუ: “დილა“ ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი. ვიცით, რომ სახლში კარგად თამაშობს, აქცენტს სწორედ საშინაო მატჩებზე აკეთებს, შესაბამისად რთულ შეხვედრას ველით. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ამბიციური გუნდი ვართ და რა თქმა უნდა, ხვალ მოგება გვსურს. თუ არ გამოგვივიდა, გვესმის, რომ ეს პირველი მატჩია და შემდეგ კვიპროსზე თამაში გველის, მაგრამ ვეცდებით, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ.
ქვილითაია და დვალი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ორივე ძალიან გამოცდილია, ნაკრების წევრები არიან. ჩვენს გუნდში წამყვანი ფუნქცია აქვთ. რა თქმა უნდა, სამშობლოში თამაში მათთვის დამატებით მოტივაციასაც წარმოადგენს, თუმცა, ხვალ ემოციების ადგილი არ იქნება, მათი დავალება, როგორც სხვა ყველა ფეხბურთელის იქნება მოგება და სწორედ ამ მიზნით გავლენ მოედანზე.
„დილა“ ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით ბრაზილიელი მოთამაშეები, ასევე ტიერი გეილი და ონორე გომისი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები არიან, რომლებსაც სივრცეების გამოყენება შეუძლიათ თუ მას დავუტოვებთ. სტანდარტული სიტუაციებიდანაც ეს გუნდი საკმაოდ კარგად მოქმედებს. ზოგადად, დადებითი სათამაშო ფილოსოფია აქვს, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ რთული თამაშისთვის, ბევრად უფრო უკეთესად, აგრესიულად და დალაგებულად უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე „ვოივოდინასთან“, განსაკუთრებით მეორე მატჩის პირველ ტაიმში, როცა ჩვენი დავალებები სათანადოდ ვერ შევასრულეთ.
ვფიქრობ, რომ ისინი ამჯერადაც შეეცდებიან საკუთარ მოედანზე დადებით შედეგს მიაღწიონ, ჩვენც იგივეს ვეცდებით, მაგრამ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხვალ არაფერი გადაწყდება და გადამწყვეტი საპასუხო მატჩი იქნება“.
ჯორჯ ეფრემი: „კარგად გვესმის, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ აქ კარგი თამაშის საჩვენებლად და მოსაგებად ვართ ჩამოსულები. როგორც მწვრთნელს მიაჩნია სწორად, იმის მიხედვით შევასრულებ ჩემს დავალებებს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნები. რა თქმა უნდა, ჯერ „დილასთან“ თამაშებზეა სრული კონცენტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ შემდეგ მეტოქეზე ფიქრს“.
“დილას” და აპოელის შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.