საუდის არაბეთის „ალ აჰლიმ“ „მანჩესტერ სიტიდან“ გარემარბი რიად მაჰრეზი შეიძინა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალჟირის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „სიტი“ მაჰრეზის სანაცვლოდ 30 მილიონ გორვანქა სტერლინგს მიიღებს. ინგლისური მედია იუწყება, რომ ალჟირელის წლიური ხელფასი „ალ აჰლიში“ 46 მილიონი ევრო იქნება.
მაჰრეზი „სიტიში“ გადასვლამდე 2014-2018 წლებში „ლესტერში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნიში ჩატარებულ 179 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მან ლესტერელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგაში მოიგო.
მანჩესტერელებმა აფრიკელი 2018 წელს 60 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. მაჰრეზმა „სიტიში“ 236-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 78-ჯერ აიღო, პლუს 59 შედეგიანი პასი გააკეთა.
მან პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი ერთხელ და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.





