თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად „ასტანასთან“ ჩაატარა და შემდეგ წრეში გასვლის საკმაოდ რეალური შანსი შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შეხვედრა არადამაჯერებლად დაიწყო, თამაში მაინც გარდატეხა და გამოუყენებელი საგოლე მომენტებით თუ ვიმსჯელებთ, ყაზახეთის დედაქალაქში გამარჯვებაც შეეძლო.
თამაშის დასაწყისში გიორგი ხარაიშვილს ბურთი „დინამოს“ ნახევარზე ამანოვიჩმა წაარტვა, რომელიც საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩენილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ვერ აჯობა.
მე-11 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გაბიშევის ჩაწოდების მერე, გაგი მარგველაშვილმა თავის საჯარიმოში უხეშუ შეცდომა დაუშვა, ვერჩაჭრა რა ვარდნაში გადაცემა და აიმბეტოვმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ლორიას ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი, რომელიც კარში შეგორდა.
ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში დავით სხირტლაძემ დაახლოებით 20 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მცირე მანძილით აცდა. 31-ე წუთზე დინამოელები დაცვაში შეცდნენ და მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ტომასოვის დარტყმული ბურთი ლორიამ უკუაგდო.
33-ე წუტზე, სხირტლაძის გადაცემის შემდეგ ბეისბეკოვმა საკუთარ საჯარიმოში თავით ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ხელსაყრელი პოზიციიდან უსმანე კამარამ მიწაზე დაუშვებლად კარისკენ ოდნავ უზუსტოდ გაგზავნა. 41-ე წუთზე ლორიამ თამაშში შეიტანა ბურთი და „ასტანას“ ნახევარზე საჰაერო ორთაბრძოლა სხირტლაძემ მოიგო, ხოლო კამარა მასპინძლების მცველს გაცდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩონდრიჩთან ვერაფერი გააწყო. 45-ე წუთზე საჯარიმოს გარედან იმრანის დარტყმის მერე, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და „ასტანა“ გოლის გაშვებას აშკარად გადარჩა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეტევაში მარცხნიდან ჩართულმა კობოურმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ჩონდრიჩმა ბურთი ნახტომში უკუაგდო.
მეორე ტაიმის დასაწყისში იმრანმა დაახლოებით 25 მეტრიდან „გაისროლა“ და ყაზახების მეკარემ ბურთი მუშტებით მოიგერია. 57-ე წუთზე საჯარიმოს გარედან იმრანის დარტყმული ბურთი ჩონდრიჩის ხელიდან გვერდით ძელს მოხვდა, გაბრიელ სიგუამ კი ახლო მანძილიდან ზუსტად დაამატა – 1:1.
დარჩენილ დროში გამოსარჩევი მხოლოდ ტომასოვის მიერ შექმნილი მომენტი იყო, როდესაც თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და ბურთი შორეულ კუთხეში არაზუსტად გაგზავნა.
„დინამო“ საპასუხო შეხვედრას 19 ივლისს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
„ასტანა“ – „დინამო“ (თბილისი) 1:1 (1:0)
12 ივლისი. ასტანა. „ასტანა არენა“.
„ასტანა“: ჩონდრიჩი; ბეისებეკოვი, ჰაროიანი, ამანოვიჩი; გაბიშევი (ჰოვჰანისიანი 16), ებონგი (დარაბაევი 88), იოვანჩიჩი, ვოროგოვსკი (ასტანოვი 88); ტომასოვი, აიმბეტოვი (დარბო 73), ურეგა (დოსმაგამბეტოვი 73)
მთავარი მწვრთნელი: გ.ბაბაიანი
„დინამო“ (თბ.): ლორია; მალი (მაისურაძე 72), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (კალანდაძე 46); ხარაიშვილი (ხვადაგიანი 72), სიგუა, ოსეი (ოსიყმაშვილი 72); იმრანი (სანგარე 82), სხირტლაძე, კამარა
გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11), 1:1 სიგუა (57)
გაფრთხილება: კალანდაძე (51)
მთავარი მწვრთნელი: გ, ჭიაბრიშვილი
მთავარი მსაჯი: კრისტიან ციოჩირცა (ავსტრია)
ლაშა თაბაგარი




