“თელავმა” პაპუნაშვილი და პროტასოვი დაიმატა

0
23

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “თელავმა” გიორგი პაპუნაშვილი და უკრაინელი ევგენი პროტასოვი დაიმატა. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 27 წლის გიორგი პაპუნაშვილი და 25 წლის ევგენი პროტასოვი დაიცავენ. გიორგი პაპუნაშვილი – დაიბადა: 1995 წლის 2 სექტემბერს; სიმაღლე: 179 სმ; წონა: 76 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “‘სამტრედია”.
გიორგი პაპუნაშვილი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო და მერე უცხოური კლუბებიც მოიარა: გერმანული ბრემენის “ვერდერი II”, ესპანური “რეალ სარაგოსა”, ესპანური სანტანდერის “რასინგი”, კვიპროსის “აპოლონი” და სერბეთის “რადნიჩკი ნიში”. სამშობლოში დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა (10 მატჩი, 3 გოლი) ქუთაისის “ტორპედოშიც” ითამაშა, ბოლოს კი “სამტრედიაში” გახლდათ – “პაპუნა” ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ერთხელაც სუპერთასი, არის კვიპროსის ჩემპიონატის ვიცეჩემპიონიც.
ევგენ პროტასოვი – დაიბადა: 1997 წლის 23 ივლისს; სიმაღლე: 168 სმ; წონა: 66 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “სუდუვა” (ლიტვა).
უკრაინელი იევჰენ პროტასოვისთვის ჩვენი გუნდი მეორე უცხოური კლუბი იქნება, ბოლო ორი სეზონი ლიეტუვაში, იქაურ “სუდუვაში” გაატარა და შარშან მასთან ერთად ლიეტუვის სუპერთასი მოიგო – “ოლექსანდრიას” აღზრდილს სამშობლოში ლუცკის “ვოლინში” და ხარკოვის “მეტალისტში” უთამაშია”.