თბილისის „დინამომ“ მიმდინარე წელს პირველი ტიტული მოიგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასს დაეუფლა, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდა. ნახევარფინალის მსგავსად დინამოელებმა ფინალიც პენალტების სერიაში მოიგეს. „დინამომ“ არსებობის ისტორიაში სუპერთასი მეცხრედ მოიპოვა, ხოლო ჭიაბრიშვილმა – მეორედ. თბილისელთა 43 წლის მწვრთნელმა პირველად სუპერთასი 2012 წელს „ზესტაფონთან“ მოიპოვა. ის ამ მაჩვენებლით ბათუმელთა თავკაც გია გეგუჩაძეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ექსმწვრთნელ კახა ჩხეტიანს და თბილისის „ამერის“ ყოფილ დამრიგებელ გიორგი ჩიხრაძეს გაუტოლდა.
მატჩის დასაწყისში ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ოსტატურად გაუტარა ბურთი ფეხებს შორის განელ ოსეი ბარნსს, მაგრამ სუსტად დაარტყა და ლორიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
25-ე წუთზე ბათუმელებმა რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და უკრაინელმა ივან ლიტვინენკომ მეკარესთან პირისპირ ფლამარიონი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
33-ე წუთზე ლორიას პასის შემდეგ, ლევან ოსიყმაშვილმა თავის საჯარიმოში დაკარგა ბურთი, რომელსაც ირაკლი ბიძინაშვილი დაეუფლა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან არაზსუტად დაარტყა და ბათუმელთა კიდევ უფრო დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში გიორგი მაისურაძეს დარტყმა არ გამოივიდა, მაგრამ ბურთი მეტოქის კართან მდგომ დავით სხირტლაძეს მიუვიდა, რომელსაც შემოტრიალებით უკეთესად რომ დაერტყა, შესაძლოა ანგარიში გაეთანაბრებინა.
63-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა კარგი პასი მისცა ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილ იმრანს, რომელმაც გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა – სუსტად დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. ამის შემდეგ თავსხმა წვიმა დაიწყო, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. თუმცა, „დინამო არენას“ ახალმა გაზონმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მოედანი არ დატბორილა.
77-ე წუთზე მოისწრაფიშვილმა მარცხენა ფლანგინდა კუთხური ჩააწოდა და გაბრიელ სიგუამ თავური დარტყმით ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ხარაიშვილმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბელარუსმა ანტონ ჩიჩკანმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია.
79-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძეს კუნთი დაეჭიმა და მოედანი დატოვა. „დინამოელებს“ შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და ამიტომ თამაში 10 კაცით დაასრულეს.
85-ე წუთზე მამუჩაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა და ლორიამ ნახტომში „დინამო“ გოლის გაშვებისგან იხსნა.
რეგლამენტის თანახმად დამატებითი დრო არ დაინიშნა, ხოლო პენალტები თბილისელებმა უკეთესად შეასრულეს და 4:3 გაიმარჯვეს. „დინამოელებს“ სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ სუპერთასის მესამედ ადგილისთვის მატჩში ადგილობრივმა „ტორპედომ“ გორის „დილას“ პენალტების სერიაში 5:4 აჯობა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
„დინამო“ (თბილისი) – „დინამო“ (ბათუმი) 1:1 (0:1) (4:3)
„დინამო“ (თბ,): ლორია, მალი (მაისურაძე, 46), ტაბიძე, მარგველაშვილი, კობოური (ლაკვეხელიანი, 46), ოსეი (თ. კირკიტაძე, 71), ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი, 59), ხარაიშვილი, იმრანი (სიგუა 64), კამარა, სხირტლაძე (კ)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
„დინამო“ (ბთ): ჩიჩკანი, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), ბალიჩი, გიორბელიძე ( ღუდუშაური, 59), ტეიდი (ხარებავა, 86), იაკობსენი (თ. კაპანაძე, 74), მამუჩაშვილი, ლიტვინენკო (ზარია, 59), ბიძინაშვილი (მოსიაშვილი, 59), ფლამარიონი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე,
გოლები: 0:1 ფლამარიონი (25), 1:1 სიგუა (77)
პენალტების სერია: 0:0 კობახიძე (მეკარე), 0:0 სხირტლაძე (ააცილა), 0:1 მამუჩაშვილი, 0:1 კამარა (მეკარე), 0:2 ზარია, 1:2 ხარაიშვილი, 1:2 მოსიაშვილი (ძელი), 2:2 მოისწრაფიშვილი, 2:3 ფლამარიონი, 3:3 მაისურაძე, 3:3 ხარებავა (ძელი), 4:3 სიგუა
გაფრთხილება: სხირტლაძე (57), ბალიჩი (90+3)
მთავარი მსაჯი: დავიღ ხარიტონაშვილი.
ლაშა თაბაგარი





