საქართველოს ნაკების კაპიტან გურამ კაშიას მიაჩნია, რომ უხვი ნალექის გამო, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში გლაზგოში შოტლანდიასთან გასამართი მატჩი არ უნდა დაწყებულიყო.
გურამ კაშია: „დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.
ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა, რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ”.





