დიდი საფეხბურთო საღამო დედა ენის ბაღში

0
59

უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, დედაენის ბაღში დიდი საფეხბურთო საღამო გაიმართება.
ტურნირის მთავარი სიმბოლო, ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელმაც ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები, ბათუმი და ქუთაისი ადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა, მოგზაურობას 20 ივნისს, თბილისში დაასრულებს.
დასკვნითი ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართება და 21 ივნისიდან ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენას დაელოდება და 8 ივლისს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს ბათუმში გადაეცემა.
19:00 საათიდან დედაენის ბაღში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, მათ შორის, მოეწყობა საკვები და გასართობი სივრცეები. გულშემატკივარს საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებსა და გათამაშებებში.
21:00 საათზე ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის თასის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს  ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.