2023 წლის 10 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის შესახებ იმსჯელეს, კერძოდ 2023 წლის 05 მაისს ეროვნული ლიგის ეგიდით ს.კ. ბათუმის „დინამოსა“ და ს.კ. გორის „დილას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები განიხილეს.
სხდომაზე განხილული იქნა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მსაჯისა და მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები. კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შემდეგ დაადგინა რიგი დარღვევების, მათ შორის – მატჩის მიმდინარეობისას ტექნიკურ ზონაში იმყოფებოდა გარეშე პირი (ტექნიკურ ზონაში ყოფნის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ პირებს რომლებიც შეყვანილი არიან მატჩის ოქმში), კერძოდ, ს.კ. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე, რომელსაც კომიტეტის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა სტადიონზე შესვლის უფლება.
ასევე, სკ. ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა, პაატა ღუდუშაურმა მეტოქის მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ამავე კლუბის გულშემატკივრები მატჩის ოფიციალური პირების მისამართით სკანდირებდნენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, მატჩის მიმდინარეობისას ორ შემთხვევაში შევიდნენ მინდორზე, ისროლეს საგნები მოედნის მიმართულებით.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
• ბათუმის დინამო მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრება ფულადი ჯარიმა – შვიდი ათასი ლარის ოდენობით.
• ბათუმის დინამოს ფეხბურთელი, პაატა ღუდუშაური დაისაჯა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდა ორასი ლარის ოდენობით.





