ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან კახა ჩხეტიანი დაითხოვეს. ამის შესახებ ქუთაისსური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ქუთაისის “ტორპედოს” მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.
“ტორპედო” მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება “ტორპედოს” ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია”.
წარმოშობით ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 3-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპა ლიგის პლეი-ოფში. მეორედ, კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა. ამჯერად, ის გუნდს 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე ავარჯიშებდა და გასულ სეზონში საქართველოს თასი მოაგებინა.
ჩხეტინის გაშვებას “ტორპედოს” ფანკლუბი “ჯუნგლები 1960” გამოეხმაურა:
“„მადლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რაც კახა ჩხეტიანმა ქუთაისისთვის, „ტორპედოსთვის” და ჩვენთვის, ფანებისთვის გააკეთა. „ტორპედოს“ ისტორიაში 11 ტიტული აქვს მოგებული და აქედან ნახევარზე მეტი, ექვსი ტიტული ჩხეტიანის დროს მოვიგეთ.
სამი ტიტული ჩხეტიანს „ტორპედოში“ ფეხბურთელობის დროს აქვს მოგებული. ლეგენდაზე მეტია ეს კაცი გუნდისთვის და ქალაქისთვის! ჯოხი ყველამ ამ კაცზე ხო გადატეხა. წავიდა და ვნახოთ რა შეიცვლება, ყველას გვინდა, რომ გუნდმა ის ფეხბურთი ითამაშოს და ის შედეგები დადოს, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს.
თუმცა, თუ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდება, (პასუხს) ორმაგად, ათმაგად, ასმაგად და ათასმაგად მოგთხოვთ ყველას! ეს კარგად გაიაზრეთ და დაიმახსოვრეთ. მადლობა და წარმატებები ლეგენდავ“, – წერია „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბის განცხადებაში.
თავად ჩხეტიანმა “ტორპედოდან” გაშვების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გუნდის ერთგული ფანები ხართ. თქვენ რომ არა, წარმატებას ვერ მივაღწევდით. ჩვენ ეს ერთად შევძელით და მე „ტორპედოდან“ ამაყი და თავაწეული მივდივარ! ყველას მინდა გთხოვოთ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო დავუდგეთ გუნდს გვერდით. ცოტას დავისვენებ და მეც შემოგიერთდებით, მადლობა ყველაფრისთვის“.
ლაშა თაბაგარი





