დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მე-9 გოლი გაიტანა.
33-ე ტურში „საბაჰმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, სტუმრად განჯის „ქიაფაზი“ 3:0 დაამარცხა. ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, მან 83-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელი ჩაოდების შემდეგ კართან ახლოს მდგომმა ერთი შეხებით გაიტანა.
„ქიაფაზში“ მცველმა გიორგი ქანთარიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფმა ნახევარმცველმა მათე კვირკვიამ მოედანი 85-ე წუთზე დატოვა.
„საბაჰი“ 77 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და „ყარაბაღს“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, 4 ქულით ჩამორჩება. „ქიაფაზი“ 29 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





