ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის თასის ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ამჯერადაც თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ტრნავის „სპარტაკთან“ დამარცხდა.
ბრატისლაველთა ქართველი ლეგიონერებიდან ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გუდამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე 54-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში 57-ე წუთზე „სლოვანის“ ფორვარდმა გრინმა გახსნა. ტრნაველებიდან საპასუხო ბურთი ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ტაივომ გაიტანა.
110-ე წუთზე „სპარტაკიდან“ გოლი პაურმა გაიტანა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი, წერტილი ტვარდზიკმა დასვა.
ლაშა თაბაგარი





