პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში შინ პოზნანის „ვარტა“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძლების სასტარტოში მყოფი ნახევარმცველი კვეკვესკირი 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. „ლეხი“ 47 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში დონეცკის „შახტარმა“ ხარკოვის „მეტალისტი“ მიიღო და 1:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების გარემარბმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკელებში შეუცვლელად ითამაშა. „შახტარი“ 46 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობს.
მოსკოვის „დინამო“ თანაქალაქელ „სპარტაკს“ ეწვია და უხვგოლიანი დაპირისპირება 3:3 დასრულდა. სტუმრებში საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა საბა საზონოვმა და ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ „დინამოში“ სრულად ითამაშეს. „დინამო“ 36 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.





